
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ.
რატი ბრეგაძის თქმით, პატიმრების მიერ პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული.
სრული ტყუილია, არავითარი პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე. ხაზგასმით მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, რომ დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ და იქნებ ამით შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება.
ასევე მინდა მოვუწოდო მათ ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც მათთან შეიძლება ჰქონდეთ კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და თუ ვინმე შეუწყობს ხელს მათ მიმალვაში, იქნებიან კანონის სრული სიმკაცრით დასჯილნი". - ამბობს ბრეგაძე.
პენიტენციურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
კრიმინალური, საპატრულო და გენინსპექციის თანამშრომლები "ავერსის" კლინიკასთან არიან მობილიზებული. ეს ის სამედიცინო დაწესებულებაა, საიდანაც მსჯავრდადებულებმა გაქცევა დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე მოახერხეს.
ცნობილია, რომ პატიმრები "ავერსის" კლინიკიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც ისინი კვლევაზე მიიყვანეს.