რეზონანსი
01.11.2023

თბილისში, გატაცებულ 2 მილიონს ეძებენ - ქალაქის შუაგულში ჭავჭავაძეზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ისევ გაუხსნელია დაკავებულია მხოლოდ 2 პირი, დანარჩენებს პოლიცია ეძებს. 2 მილიონ ლარზე მეტი კრიპტოვალუტის გადამცვლელი ოფისიდან წაიღეს-სადაც შეიარაღებული თავდამსხმელები გუშინ შეიჭრნენ და თანხის წაღება იარაღის მუქარით მოახერხეს - ამ საქმეზე ორი პირია დაკავებული, დანარჩენებს პოლიცია ეძებს.

"ქალაქ თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ოფისის და იქ მყოფი მომხმარებლების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას  - 810 300 ამერიკული დოლარის, 110 ევროს და 6500 ლარის ოდენობით", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×