
სისტემური მიწის რეგისტრაციის ფარგლებში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ამ ქვეყანაში ვისი საკუთრებაა ესა თუ ის მიწა, არის კერძო, სახელმწიფო, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მიწის რეფორმა, რომელიც ხორციელდება, საზოგადოების თითოეულ წევრს ეხება. ძალიან სასიხარულოა, რომ 59 რეგიონში მიმდინარე მიწის რეგისტრაციას თბილისიც შეუერთდა. თბილისის მერიასთან აქტიური თანამშრომლობით მათ მიერ შერჩეულ არეალებში ჩვენ უკვე 1-ლი ოქტომბრიდან დავიწყეთ საამზომველო სამუშაოები, რომელიც კიდევ უფრო ფართო, სწრაფი ტემპით გაგრძელდება თანდათან.
სისტემური რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო თავისი ინიციატივით პროაქტიულად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკით შედის ამა თუ არეალზე, აზომავს მიწის ნაკვეთებს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და იღებს რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას. ყველა დოკუმენტის შესწავლის შედეგად ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ამ ქვეყანაში ვისი საკუთრებაა ესა თუ ის მიწა. არის კერძო, სახელმწიფო თუ მუნიციპალიტეტის საკუთრება. ბუნებრივია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზეც მოქმედებს წესი. იმ შემთხვევაშიც თუ გადავამოწმებთ საჯარო რეესტრი, არქივთან ერთად ვმუშაობთ, თუ არ იძებნება არანაირი დოკუმენტაცია ამ მიწის ნაკვეთზე არ არის ძველი მიღება-ჩაბარების აქტები, მებაღის წიგნაკი და ა.შ. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზეც არსებობს წესი, ესწრებიან მოწმეები, მეზობლების ჩართულობაა საჭირო და Maps.gov.ge-ს მეშვეობით ჩვენ მერიასთან ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ. ეს რეფორმა ეხება თბილისის კონკრეტულ არეალებს, რის შესახებაც ინფორმაცია შეუძლია მოსახლეობას მოიძიოს ჩვენს საიტზე, Napr.gov.ge. მუდმივად ჩვენ მოსახლეობასთან გვექნება კომუნიკაცია იმაზე, თუ სად და რომელ არეალებში შევლენ ჩვენი მზომავები, ვინაიდან, მოსახლეობის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ტყეშელაშვილმა.