
მმართველი გუნდი პრეზიდენტის მეოთხე ვეტოს დასაძლევად ემზადება - მანიფესტაციების შესახებ კანონი, რომელიც დესტაბილიზაციის რისკებს აზღვევს, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი ჯერ იურიდიულ კომიტეტზე განიხილავს, შემდეგ კი საკითხი კენჭისყრაზე გავა.
ოპოზიცია პრეზიდენტის არგუმენტებს სრულად იზიარებს და ფიქრობს, რომ ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
"აქ მნიშვნელოვანია, რომ იზღუდება ადამიანების კონკრეტული უფლებები - პროტესტის გამოხატვის უფლება მასშტაბური აქციის შიშით და გასამართათ, ყველა აუცილებელი ყველა პროცედურა იქნება აკრძალული და შეზღუდული ამ კანონით. არავინ ამ ქვეყანაში არეულობას არასდროს არ აპირებდა. გასაგებია, რომ ეს არის მუდმივი პროპაგანდა "ოცნების".
ჩვენ გვახსოვს რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალების ე.წ. საქმე, რომელიც კონკრეტულ შედეგებამდე ვერ მივიდა და ვერ მივიდოდა ფიზიკურად, ვინაიდან არ არსებობს მსგავსი ტიპის განზრახვები," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.
მმართველ პარტიაში კი ზურაბიშვილისა და ოპოზიციის რადიკალური გეგმების თანხვედრაზე საუბრობენ.
"არავის არასდროს არ ჰქონია ამ წლების განმავლობაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას.
ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს.
რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.