
ისრაელი ომის ახალ ფაზაში გადადის, თუმცა ფართომასშტაბური სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაწყებულა.
ისრაელის არმია, სავარაუდოდ, უკვე ამზადებს პლაცდარმებს საზღვრიდან ქალაქ ღაზამდე დასახლებების დასაკავებლად. ამის შემდეგ კი, მოსალოდნელია სახმელეთო ოპერაციის ძირითადი ეტაპის დაწყება.
ღაზის ჩრდილოეთით უკვე განლაგებულია ისრაელის ტანკების კოლონა. პარალელურად ჰამასის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ოპერაციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მზად არიან. მათ ტყვეობაში კი ბოლო მონაცემებით 229 ადამიანი რჩება, რომლებიც ტერორისტებს უამრავი გვირაბით დაქსელილ მიწისქვეშა ქალაქში ჰყავთ გამომწყვდეული.
CNN-ის ინფორმაციით, ღაზის ქვეშ გვირაბის ორი ჯგუფია. ერთი გამოიყენება ეგვიპტიდან საქონლის კონტრაბანდისთვის და ისრაელზე თავდასხმების განსახორციელებლად, მეორეს კი „ღაზის მეტროს“ უწოდებენ.
სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქ დაახლოებით 500 კილომეტრის სიგრძის 1 300-მდე გვირაბია. თითოეულის სიმაღლე, სიგანე, ფორმა და დანიშნულება განსხვავებულია. ჰამასი გვირაბებს ძირითადად სამოქალაქო ობიექტების ქვეშ აკეთებს. მისი მთავარი სამხედრო სამეთაურო ცენტრები კი ისრაელის თავდაცვის ინფორმაციით, ღაზის სექტორში მდებარე შიფას საავადმყოფოს ქვეშ არის განლაგებული.