
ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენ არის მომართული. ეს ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდებაა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ინდიგოსა" და ფრიდრიხ ებერდის ფონდის მიერ დაგეგმილ დისკუსიას, სახელწოდებით „პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში".
„ესეც მორიგი შემაშფოთებელი აქტია, რაზეც ყველას უნდა ჰქონდეს რეაგირება. ამ ქვეყანაში საზოგადოებას სურს სიმშვიდე და მშვიდობა და თუ ვიღაცებს სურთ საპირისპირო, არეულობა, მეორე ფრონტი და ა.შ. ამაზე დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ექნება რეაგირება. ჩვენ ვერავის მივცემთ ასე მარტივად ქვეყანაში რევოლუციური პროცესების მხარდაჭერას. ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება და არა ის უბედურება, რაც ვიღაცებს აქვთ ჩაფიქრებული. სათაური უკვე შემაშფოთებელია, როდესაც ვიღაც ახდენს რევოლუციური თემის აქტუალიზაციას და როცა ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, ეს ბუნებრივია შემაშფოთებელია. ყველას მოვუწოდებ, დაასვენონ ეს ქვეყანა, უზრუნველყონ სიმშვიდე და ნუ გადადგამენ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სიმშვიდის დარღვევისკენ არის მომართული. ეს ჩვენი ძალიან მკაცრი მოწოდებაა", - აღნიშნა კობახიძემ.