რეზონანსი
19.10.2023

გვაჩვენონ დოკუმენტი, სად არის დადებითი შეფასება. გვანახონ და გასაგებია, მაშინ გავიგებთ პოზიციას, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის" დირექტორმა ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ კანონში ცვლილებები არის „ევროკავშირის დირექტივა, რომელიც სრულდება", ამასთან ევროკავშირისთვის შეთავაზებულ იქნა სამი ვარიანტი, საიდანაც აღნიშნული ვარიანტი აირჩიეს.

ტუღუშის თქმით, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, თუკი გამოქვეყნდება დოკუმენტი, სადაც კანონპროექტზე დადებითი შეფასება იქნება.

„თუ არის ოფიციალური პოზიცია, იქნება წერილიც. თქვენ გინახავთ წერილი?- გამოგიგზავნონ, დაბეჭდონ, გამოაქვეყნონ. სად არის ეს წერილი. ასე ყველას შეუძლია ყველაფრის თქმა. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი და როცა ჩვენ ვაკრიტიკებთ მიდგომებს, ვლაპარაკობთ, რომ საფრთხეები და რისკებია. თუ ევროპული მხარე, ევროკომისიის სახით ეუბნება, რომ „ეს მიიღეთ" და არსებობს, რა პრობლემაა... ჩვენ ვაგზავნით კანონპროექტებს, იქიდან გვიბრუნდება პოზიცია, ჯერჯერობით აღფრთოვანებული დასკვნები არ შემხვედრია. კი, არის, რომ რაღაცა პროგრესია, მაგრამ ყოველთვის არის, „მაგრამ" . ვფიქრობ საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, თუ მოხერხდება ამ დოკუმენტის გამოქვეყნება", - აღნიშნა ტუღუშმა.

უშუალოდ კანონპროექტზე საუბრისას, რომლის თანახმად, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა, ტუღუშმა აღნიშნა, რომ განმარტებები, რომელიც კანონშია მოცემული, „ძალიან ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას" იძლევა.

„როდესაც ეს თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადავა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ რისკებს შეიცავს. საფრთხის განცდა, რომელიც დღეს გაუჩნდა მედიის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, არა მარტო მედიის, არამედ სამოქალაქო საზოგადოების, აბსოლუტურად საფუძვლიანია. ამიტომაც არის პროტესტის განცდა", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×