
თუ ხარ ერთხელ აგენტი, ბოლომდე აგენტად რჩები. ასეთ პირობებში, ის რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შეცვლილი აქვს პოზიცია [სალომე ზურაბიშვილთან] დაკავშირებით, მეტყველებს არამარტო ორმაგ სტანდარტზე, არამედ იმაზე, რომ ღირსება უბრალოდ არ აქვთ, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ქართლი ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლის შესაძლებლობაც შეაფასა.
„უკვე ოპოზიციის გვერდით არის. ფორმალურადაც თუ გადაინაცვლებს, შეუერთდება თუ არა წინასაარჩევნო პროცესში რომელიმე პარტიას, მე არ ვიცი. ამასაც არ გამოვრიცხავ, გამომდინარე იქიდან, რომ ის დამოუკიდებლად არ მოქმედებს. შეიძლება ამაზეც შეთანხმდნენ, თუმცა თქვენ იცით, რომ მას არც ქარიზმა აქვს, არც პოპულარობა. ერთადერთი, სადაც მას მხარდაჭერა აქვს, არის „ნაცმოძრაობის" ელექტორატის გარკვეული ნაწილი. შესაბამისად, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება არ აქვს. ვინც „ნაციონალია", ის ხმას მაინც „ნაციონალურ მოძრაობას" მისცემს. შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობის" პირველი ნომერი გახდეს, თუმცა აქაც მათ დააკლებს და ვერაფერს მოუტანს", - განაცხდა კობახიძემ.