
"ოცნებამ" პროცედურულად ითაღლითა და სავარაუდოდ, გამოიყენა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ბარათი," - ამ განცხადებას პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი "დღის ამბებთან" აკეთებს.
ლილუაშვილი ვარაუდობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი 2 წევრის არჩევისას 90 დეპუტატის ხმის მობილიზება თაღლითობით და ოპოზიციონერ დეპუტატებთან გარიგებით შეძლო.
ნახევარი საათის წინ „ქართულმა ოცნებამ“, მამუკა მდინარაძეც აღიარებდა, რომ აწარმოებდა ცალკეულ დეპუტატებთან მოლაპარაკებებს და დარჩენილი ორი წევრი იუსტიციის საბჭოსი, ისევ მოახერხეს 90 ხმის მობილიზება.
ეს იყო, ბუნებრივია, დაჯილდოება იმ მოსამართლისა, რომელიც ხელმომწერია მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე და ასეთი იუსტიციის საბჭოს წევრი დანიშნეს თანამდებობაზე.
დღეს, ჯერჯერობით, რა ინფორმაციაც ცნობილია, პროცედურულად ითაღლითა „ქართულმა ოცნებამ“ და მან, სავარაუდოდ, გამოიყენა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ბარათი. ჯერ არ მაქვს ინფორმაცია. რაც ჩვენ ვიცით ამ მომენტისთვის, მამუკა მდინარაძემ ცალსახად თქვა, რომ ისინი საუბრობდნენ ცალკეულ ოპოზიციის წევრებთან, 20-მე დეპუტატი იყო დარბაზში, ჩვენ არცერთი დარბაზში არ ვყოფილვართ, მაგრამ როგორც ჩანს, პროცედურული ხრიკებით, მოლაპარაკებები ჰქონდათ და ეს იმას ნიშნავს, რომ მითუმეტეს იმ საკითხზე, რომელიც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, მათ ყველანაირი მცდელობა ექნებათ, რომ ეს პროცესი გაიყვანონ ბოლოში,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი 90 ხმით აირჩია.
მდინარაძე ადასტურებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე ოპოზიციონერებს მოელაპარაკა. თუმცა არ აკონკრეტებს, რომელ დეპუტატებთან გარიგდნენ.