რეზონანსი
16.10.2023

გარიცხავს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარი რიგებიდან პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ყოფილ საორგანიზაციო მდივანს, ბაჩო დოლიძეს - "კურიერის" ინფორმაციით, პარტიის სამდივნო ამ თემაზე დღეს იმსჯელებს. შეხვედრა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამ წუთებში მიმდინარეობს. პარტიის წევრები "კურიერთან" საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

"ნებისმიერი საკითხი, რომელიც სამდივნოზე განიხილება, წინასწარ არის ცნობილი სამდივნოს ყველა წევრისთვის. უბრალოდ მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ ვისაუბრო ამ საკითხებზე, ვიდრე სამდივნო არ განიხილავს და არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული," - აცხადებს ენმ-ის ერთ-ერთი წევრი.

"არ ინერვიულოთ ძალიან გთხოვთ, არავის გარიცხვას არ განვიხილავთ," - ამბობს გია ბარამიძე.

ბაჩო დოლიძე კი არ გამორიცხავს, რომ პარტიამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს.

"საერთოდ არ ვინტერესდები თუ რას დააპირებენ ჩვენთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული გეგმა. ჩვენი მიზანი არის ოლიგარქიული რეჟიმის ცვლილება, ამ დროს "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ამავე დროს არის თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე თანაგუნდელებთან ბრძოლა. ეს მათი გადასაწყვეტი და არჩევანია. საერთოდ ვინ არიან მაინტერესებს შეკრებილები?! ვინ წყვეტს და მსჯელობს აღნიშნულ საკითხზე და საერთოდ, როგორ მოახერხეს, რომ დღის წესრიგი ეს ყოფილიყო და არა სხვა?! - სამდივნო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლიტსაბჭოზეა ეს ყველაფერი გასატანი და არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტსაბჭოში შეძლებენ ხმათა უმრავლესობის მოგროვებას, თუნდაც იმ პირობებში, რომ თვითონ დააკომპლექტეს ეს ყველაფერი. იმდენად მძიმეა ეს ყველაფერი და აცდენილი რეალობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცოტა ფოკუსი გაასწორონ," - აღნიშნა ბაჩო დოლიძემ "კურიერთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×