
ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი სკოლიდან დაითხოვეს. ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს. როგორც სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე ამბობს, მასწავლებლის დათხოვნის მიზეზი ბავშვზე ძალადობაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ორი კვირის წინ იყო ინციდენტი, საგაკვეთილო პროცესში ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თმა მოქაჩა მოსწავლეს და როგორც კი ეს ფაქტი ცნობილი გახდა, დაიწყო დისციპლინური მოკვლევა, მასწავლებელმა მოკვლევის დაწყებისთანავე დაწერა განცხადება და საკუთარი სურვილით წავიდა სკოლიდან“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
დირექტორი ადასტურებს, რომ აღნიშნული ფაქტი მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. დირექტორის განმარტებით, მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს მასწავლებლის მხრიდან სკოლის დატოვებას.
ჩვენთვისაც ეს ფაქტი სოციალური ქსელის მეშვეობით გახდა ცნობილი“- ამბობს ნანა ცივაძე.
ეს უკვე მეორე მასწავლებელია, რომელმაც ბავშვზე ძალადობის გამო სკოლა დატოვა. პირველი ინციდენტი მიმდინარე წლის მაისში მოხდა, როცა მასწავლებელმა მოსწავლეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ძალადობის ეს შემთხვევაც მოსწავლეებმა ტელეფონით გადაიღეს. მაშინაც მუსიკის მასწავლებელმა სკოლა დისციპლინური საბჭოს მხრიდან მოკვლევის დაწყებისთანავე დატოვა.