რეზონანსი
16.10.2023

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულმა ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ საპატიმრო დატოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, შუბითიძე სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სერგო შუბითიძემ მისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

„ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ყოფილი გამომძიებლის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სერგო შუბითიძე 25 ივნისს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავეს. მან ტელეკომპანია „ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა. შუბითიძის განმარტებითვე, ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი საეჭვო გარემოება იყო.

თბილისის პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×