
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში" ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება შეაფასა.
„პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვიწყებთ „საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას პირველი მოსმენით. ჩვენ არ ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტში, რადგან ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, ახლა პროცესი უფრო დაჩქარდება. დავიწყებთ ამ კანონპროექტის განხილვას და ის შენიშვნები, რომლებიც იყო ჩამოყალიბებული ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებებში, მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო მომავალში გაზიარებულ იქნას. ჩვენ უამრავი რამ გავაკეთეთ. რამდენიმე ტალღა იყო სასამართლო რეფორმების. უმეტესი მათგანი, თუ არა ყველა ფაქტობრივად მოწონებული იყო ჩვენი პარტნიორების მიერ, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ და დღევანდელი გამომზეურებული მათი მოსაზრება ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი მათი შენიშვნა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის მიერ გაზიარებულ იქნა. რაზეც შეეხება ძირეულ რეფორმას, მინდა გითხრათ, რომ ეს ცოტა ბუნდოვანი შეფასებაა. რას ნიშნავს ძირეული რეფორმა. თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდს უნდა დავუბრუნდეთ, როდესაც ფაქტობრივად პარალიზებული იყო იუსტიციის საბჭო და ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და იყო გარე გავლენებს დაქვემდებარებული, ამას ვერანაირად დავუბრუნდებით. ეს არის გამორიცხული", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ვენეციის კომისიამ საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებებზე მოსაზრება გამოაქვეყნა.