რეზონანსი
06.10.2023

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის.

პრეზიდენტი მოუწოდებს საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა" ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

„ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება", - განაცხადა ბჟანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×