რეზონანსი
03.10.2023

„კანვას საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის გამოკითხვა სასამართლოში უკვე დასრულდა. ნინო გოგიბერიძეს სუსისგან უწყება ჩაბარდა, თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდობლობა გამოუცხადა და გამოკითხვაზე სასამართლოში მივიდა. მის მიმართ დასმული კითხვები იმ ტრენინგს შეეხებოდა, რომელიც „იუესეიდის" მიერ იყო დაფინანსებული.

მოწმის სტატუსით გამოკითხული გოგიბერიძე თითქმის ორი საათი პასუხობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის შეკითხვებს. პროცესის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელი გაუთქმელობის ხელწერილს მოაწერა და დასმულ შეკითხვებზე საჯაროდ ვერ ისაუბრებდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უწყებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია გაასაჯაროვა.

მანამდე, 18 სექტემბერს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის" მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბრი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის" სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×