რეზონანსი
12.11.2026

ჩემი წამების მოტივაცია იყო ჩემი ტელეფონი. პროკურორის პასუხისმგებლობაა, რომ ტელეფონი დალუქული უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ პატიმარმა დავით ფეიქრიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ფეიქრიშვილმა მაშინ გააკეთა, როდესაც მისმა ადვოკატმა, პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა.

ფექირიშვილის თქმით, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“, ვატო ყიფიანი და შოთა ყიფიანი, მასთან საკანში ტელეფონების გასახსნელად შეუშვეს. როგორც ბრალდებული აცხადებს, საკანში შესვლის შემდეგ, მათ დაურეკეს გიჩო მარგველაშვილს, რომელმაც კამერის მეშვეობით დავით ფეიქრიშვილს მისი პირადი ტელეფონი დაანახა და აღნიშნული ტელეფონის პაროლი მოსთხოვა.

„გიჩო აჩვენებდა ტელეფონებს. ამ დროს მე უკვე ნაცემი და ნაწამები ვიყავი. მე ვეუბნებოდი, რომ თუ პოლიციას ენდომებოდა, გახსნიდა. მიპასუხეს - „არა, ჩვენ გვინდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ შენ მართალი ხარ“, ვითომ ჩემს მხარეს იყვნენ.

მათი [ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი] შემოსვლის მომენტიდან ჩემთან შემოიყვანეს. არც კარანტინი გაუვლიათ.

პროკურორის პასუხიმგებლობა იკვეთება. მე რომ მაწამებდნენ, ამაში ჩართულები იყვნენ ციხისა და პენიტენციურის უფროსები.

ისინი შემოიყვანეს პარასკევს, რომ ორშაბათამდე ხმა ვერ მიმეწვდინა.

ამის შემდეგ გადამიყვანეს „ვივამედში“, შემდეგ კი უკან დამაბრუნეს. მე რომ გავყავდი, გოცირიძე და შოთა ყიფიანი, ციხის თანამშრომლებთან ერთად დამყვებოდნენ, რომ ვინმესთვის რაიმე არ მეთქვა. იზოლირებული ვყავდი. ერთადერთი შანსი ის იყო, რომ ორშაბათამდე გამეძლო, რომ ადვოკატი შემოსულიყო.

მანამდე კი ის ადვოკატი, რომელთანაც 11 წელი ვმეგობრობდი და შვილის ნათლია ვარ, მოვიდა და ადვოკატი ვეღარ ვიქნებიო.

ნდობა ამ პროკურორის მიმართ ნულია“, - განაცხადა დავით ფეიქრიშვილმა.

რაც შეეხება პროკურორის აცილების შუამდგომლობას, ის მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×