
უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი და სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამია აცხადებს, რომ აბუ დაბიში შეხვედრებზე გარკვეული პროგრესი გამოიკვეთა, რაც წლის ბოლომდე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას აჩენს.
„ჩვენ გვაქვს კარგი დინამიკა, რათა ახალ წლამდე გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა არახამიამ.
ამასთან, უკრაინელმა მომლაპარაკებელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რთული იყო, რადგან რუსეთის დელეგაცია მკაცრი ინსტრუქციებით მოქმედებდა.
„მათ ძალიან მკაცრი დირექტივები ჩამოიტანეს, რომლებიც მოლაპარაკებისთვის სივრცეს არ ტოვებს“, – განაცხადა არახამიამ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, კვლავ მოითხოვს თუ არა რუსეთი დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას.
„საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებების დროს განიხილება, მოლაპარაკებების საგნად რჩება. მნიშვნელოვანია მხოლოდ შედეგი. მას როდესაც მივაღწევთ, ამის შესახებ საჯაროდ გამოცხადდება“, – განაცხადა ბუდანოვმა.
არაამიას თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებები სამმხრივის ნაცვლად მრავალმხრივ ფორმატში უნდა გაგრძელდეს, რომელშიც ევროპელი პარტნიორებიც მიიღებენ მონაწილეობას.
თავის მხრივ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებებში ევროპელი ლიდერების მონაწილეობის პერსპექტივა გააკრიტიკა, ასევე გააკრიტიკა ევროპა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო.
არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი მას შემდეგ უნდა განისაზღვროს, რაც აშშ-ის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს, შემდეგ კი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.