
როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა, წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან, მოპასუხე მხარის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ჭეიშვილის თქმით, რადგან ოპოზიციას სარჩელში წარმოდგენილი ბრალდებებისა და მტკიცებულებების საწინააღმდეგო რეალური არგუმენტი არ გააჩნია, ისინი პროცესის გასაჭიანურებლად აბსურდულ შუამდგომლობებსა და ხრიკებს მიმართავენ; მისივე შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით გამოხატული შეურაცხყოფა 2003 წლიდან მომავალი ანტიკონსტიტუციური მისწრაფებების გაგრძელებაა.
„მიმდინარე საკონსტიტუციო განხილვები და გუშინდელი დღე მათ შორის არის დემონსტრირება იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მის წიაღში შემავალი შესაბამისი ეგრეთ წოდებული პარტიები, გარდა იმისა, რომ არიან ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისში და ჩიხში, რაც ზოგადად არახალია, არიან ამავდროულად სამართლებრივად მოქცეულები ძალიან სერიოზულ და ღრმა ჩიხში და ამის მაგალითი გახლავთ ის, რომ მათ ფაქტობრივად არ გააჩნიათ არავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი, რომელიც შეიძლება დაუპირისპირდეს საკონსტიტუციო სარჩელში ჩვენ მიერ წარმოდგენილ შესაბამის ბრალდებას მათ მიმართ და შესაბამის მტკიცებულებებს. აქედან გამომდინარე, ისინი ახლა ცდილობენ იმას, რომ როგორღაც სხვადასხვა ხრიკებით ყურადღების გადატანა მოახდინონ აბსოლუტურად მეორე და ზოგჯერ შეიძლება მეათე ხარისხოვან საკითხებზე, აყენებენ აბსურდულ შუამდგომლობებს, რითაც ცდილობენ უბრალოდ იმას, რომ პროცესი გააჭიანურონ და როგორღაც შექმნან იმის ილუზია, რომ ვითომ და ისინი ასევე, დავუშვათ სასამართლოში წარმოდგენილები არიან მეტ-ნაკლები სერიოზულობით, რაც ასე არ არის.
ამავდროულად აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც გუშინდელმა დღემ, ისე განვლილმა პერიოდმა წარმოადგინა კიდევ ერთხელ და წარმოაჩინა მათი აბსოლუტურად არაჯანსაღი დამოკიდებულება, თუნდაც სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით, როდესაც ისინი სხვადასხვა ტიპის რეპლიკებით, განცხადებებით, პირდაპირ შეიძლება ითქვას შეურაცხყოფას აყენებენ მთელ რიგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს და რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ არის გაგრძელება ზოგადად იმ ანტიკონსტიტუციური მისწრაფებებისა, განწყობებისა, რომელსაც ჩვენ მათ ვედავებით, რომელიც არის ამ შემთხვევაში სადავოდ გამხდარი საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე და რომელიც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 2003 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდგომ უკვე მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, მაინც გააგრძელეს, მიუხედავად ამისა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე მყოფმა ძალებმა ანალოგიური ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ძალიან კარგად დემონსტრირდება და წარმოჩნდება აი ამ პროცესის მიმართ“ - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.