
გუშინ ადვოკატებმა, ტარიელ კაკაბაძემ და ნუცა თოფურიამ სოციალურ ქსელში ნატა ვიბლიანის დაცვაზე უარი თქვეს. მათი ინფორმაციით, ვიბლიანი მათ აშანტაჟებდა, თამუნა მუსერიძის დაკავებას და სხვა "აბსურდულ საკითხებს" ითხოვდა. ამის შემდეგ ადვოკატებმა მის დაცვაზე უარი თქვეს.
"2013 წლიდან ადვოკატი ვარ და პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა საჯაროდ გამლანძღა და დამატებით, ჩემი აცილება მოითხოვა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქმე ფაქტობრივად გამოძიებულია. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ნატა ვიბლიანს ვთხოვდი დროს, თუმცა ვიღაც-ვიღაცებმა ის შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი თხოვნის მიუხედავად, ბოლო რამდენიმე დღე აჟღერებდა, რომ ითხოვდა ჩემს აცილებას.
აღსანიშნავია, საქმეზე ჩატარდა ყოველმხრივი გამოძიება, მათ შორის ოთხასამდე საგამოძიებო მოქმედება და ვიცი პროკურატურის პოზიციაც.
გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს ნატას იმ ადამიანებმა, ვინც დაარწმუნა, რომ საჯაროდ უნდა ველანძღე და ჩემი აცილება მოეთხოვა მაშინ, როდესაც სწორედ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით და ბრძოლით მიეცა მას დაზარალებულის სტატუსი, რაც აუცილებლად მიიყვანდა საქმეს დასახულ მიზნამდე.
აქვე დავამატებ, რომ იგივე ქმედება განახორციელა ნატა ვიბლიანმა პროკურორის და გამომძიებლის მიმართაც, როდესაც მოითხოვა მათი აცილება, რამაც კიდევ უფრო გააჭიანურა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
შეგახსენებთ, რომ 35 წლის წინანდელ საქმეს შევეჭიდეთ, რაც უპრეცედენტოა.
ჩემი აზრით, ბოლო დღეებში ნატა ვიბლიანს ისეთი ქმედებები ჩაადენინეს, რამაც საქმე გაურთულა.
ერთ რამეს ვთხოვ საზოგადოებას, ნუ გალანძღავთ ნატა ვიბლიანს, ის არის ტრავმირებული ადამიანი. სწორედ ამიტომ ვუთმენდი მთელი ამ თვეების განმავლობაში მისგან ძალიან ბევრ შეურაცხყოფას.
ვითმენდი იმიტომ, რომ ყოველთვის ვარ კლიენტის ერთგული და საბოლოო შედეგის დადგომამდე მსურდა ვყოფილიყავი მისი ადვოკატი!“ - დაწერა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.