
ახალგაზრდა დედა - ქეთი ჭარელიშვილი სოციალურ ქსელში ფარმაცევტის შეცდომაზე წერს. როგორც ქეთის ემოციური პოსტიდან ვიგებთ, აფთიაქიდან, ათი თვის ბავშვისთვის, შეცდომით ხუთჯერ მეტი დოზის D ვიტამინი გაატანეს. ის ყველა მშობელს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
ქეთი ჭარელიშვილი: ჩემო ძვირფასებო, გირჩევთ სანამ აფთიაქში რაიმეს შეიძენთ, ჯერ ფოტო გადაუღოთ დანიშნულებას, ან თვითონ მედიკამენტს და შემდეგ იქვე შეადაროთ, სწორად მოგცეს თუ არა:
"ჩვენ გადავრჩით, თუმცა საკუთარ ჩვილს ჩემი ხელით დავაავადებდი, უფლის მადლი რომ არა. დიდება და მადლობა მას, რომ დედობრივმა ინსტიქტმა შემამოწმებინა... სასწაულები ჩვენს ირგვლივ ხდება. იმდენად გადაღლილი ვარ, როგორ მივაქციე ყურადღება მეც გაოცებული ვარ, მაგრამ ფაქტია, ღმერთს ვუყვარვარ.
ფოტოზე ნაჩვენები პირველი "ფლაკონი" გავატანე მეუღლეს აფთიაქში, საყიდლად. არ ჰქონდათ და მისცეს მეორე, თან ეუბნებიან, რომ დოზა უფრო დაბალიაო, ანუ ეს ვიტამინი გვინდოდა 200-იანი, მისცეს ვითომ 100-იანი, მაგრამ სინამდვილეში - 1000-იანი!
ყველაზე სტრესული რაც არის - "რადგან დოზა დაბალია, მიეცით 4 წვეთი"-ო.
წუხელ გავხსენი და მეუღლის თვალწინ ჩავაწვეთე, მერე ფასს შევხედე და "ეს ამდენი რატომ ღირს-მეთქი", გავიფიქრე. ოდნავ როგორც მოვიცალე, ჟურნალისტურმა ცნობისმოყვარეობამ არ მომასვენა და მეგობარ "Gemini"-ს ავუტვირთე ფოტოები, ვკითხე განსხვავებები ამ ორს შორის. ვიფიქრე, "იქნებ რამე დანამატი აქვს, ასე ძვირი არ უნდა ღირდეს"...
აი, აქ განმიმარტა და გვიშველა ვირტუალურმა მეგობარმა. ისე ვინერვიულე, მუხლებში ძალა წამერთვა. სასწრაფოდ დავრეკეთ პედიატრთან, ღამის 12 საათი იყო დაწყებული. შეშფოთდა... გვირჩია, 10 დღე აღარ მიგვეცა საერთოდ. ის, რაც მოგვყიდეს, ნახევარი წვეთი ან მაქსიმუმ 1 წვეთი უნდა, იმხელა დოზაა, მე - 4 ჩავაწვეთე!
რომ არ მიმექცია ყურადღება და უბრალოდ მივნდობოდი, ჩემს, 10 თვის თოთოს დამაავადებინებდნენ... ამხელა დოზით და ყოველ დღე.
ახლაც მეტირება, თან სიმწრით, თან - სიხარულით. ათასი რამე შეიძლება გამოეწვია. წუხელაც მილიონჯერ ავდექი - "ხომ სუნთქავს-მეთქი." დედის რძემ უშველა ალბათ, რომელიც სასწაულებს ახდენს და საოცარი მკურნალია... ჩვენი ნორა-ირინი უკვე თამაშობს.
გადავრჩით!
მსგავსი შეცდომა არაერთხელ გამიგია. ხშირ შემთხვევაში, ფარმაცევტებს არ აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია, ამიტომ ნებისმიერს არ უნდა ვანდოთ ჩვენი სიცოცხლე. ამიტომ ჩემი რჩევაა, გაფრთხილდით და ექიმის რეცეპტს დიდი ყურადღებით მოეკიდეთ".
