რეზონანსი
09.11.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლიან მეგობრულ კავშირებს.

მხარეებმა აღნიშნეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში პირველი ვიზიტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებისათვის. შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა ჩეხური მხარის მზაობა, წარმართოს დიალოგი ქართულ მხარესთან.

შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვისათვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაღრმავების მზაობა.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ ორი ქვეყანა წარმატებით თანამშრომლობს ვაჭრობის, ტურიზმის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებებით.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის განვითარების მიზნით თანაშრომლობის მნიშვნელობას, რასაც ჩეხეთის ენერგეტიკული უსაფრთხობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო გამჭვირვალობის მნიშვნელობას უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური აქტივობების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად. ჩეხურმა მხარემ დაინტერესება გამოხატა საქართველოს გამოცდილების მიმართ გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიმართულებით", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე, პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური, პარლამენტის წევრი ირმა ზავრადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×