
ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მიწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და კიდევ უფრო გაღრმავება.
„ჩინეთთან ურთიერთობებში წელს საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები – გაიზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, გაიზარდა პირდაპირი ფრენები, გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. თუმცა უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს, მათ შორის შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო პოლიტიკაში ჩინეთის როლი განუხრელად იზრდება. ჩვენთვის საინტერესოა მათი ხედვა მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით. გვექნება საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ცოტა ხანში ჩინეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტი გაიმართება, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბიზნესფორუმი, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, რაც საშუალებას აძლევს ორი ქვეყნის კერძო სექტორს, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდნენ. ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, გვექნება შეხვედრები ასევე პარლამენტშიც, გვექნება შეხვედრები ქალთა ორგანიზაციაში, შეხვედრები ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ასევე გვექნება ლექცია ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში და ვიზიტის ბოლოს მოვინახულებთ ქალაქ ჰანჯოუს, რომელიც არის ჩინეთის ინოვაციების და ტექნოლოგიების თანამედროვე დედაქალაქი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.
მისი თქმით, ოპოზიცია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს ნებისმიერ წარმატებას პირად მარცხად აღიქვამს.
„ცდილობენ, მიჩქმალონ, დამალონ, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა და თავიანთ მაყურებელს არ მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ჭრილში. მე ვფიქრობ, ეს არათუ წამგებიანი, ზოგადად, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქაში გაუაზრებელი და უაზრო პოზიცია და ტაქტიკაა, თუმცა ეს მათი არჩევანია. ალბათ არ სურთ ან მათ მეგობრებს, პარტნიორებს თუ პატრონებს დასავლეთში, შეიძლება, არ უხარიათ საქართველოსა და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობები და სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ ხმას არ იღებენ და საერთოდ არ აშუქებენ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც არის ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.