
ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია, - განუცხადა „იმედის კვირას" უკრაინელმა ჟურნალისტმა იანინა სოკოლოვსკაიამ კიევთან ახლოს აღმოჩენილი სახლის შესახებ, სადაც, სავარაუდოდ, უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ზელენსკის არჩევნების ჩატარების ეშინია.
„ბუდანოვმა განაცხადა, რომ მსგავსი შენობები უკრაინაში მრავლად არის და ამ განცხადებამ მე დამთრგუნა. ახლა ნათელია, რომ უკრაინაში სრული განუკითხაობაა, კანონები არ მოქმედებს, მხოლოდ ომია გარშემო.
ეროვნულმა გვარდიამ კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში ეს შენობა გაურკვეველი გზით გადაიბარა. ამ შენობაში დიდი სარდაფია გაშენებული, მიწის ქვეშ ორ სართულზე. ამ სარდაფში კი გამომწყვდეული ჰყავთ 18 ადამიანი. არავინ იცის, თუ რა კანონის საფუძველზე იყვნენ ეს ადამიანები პატიმრობაში. ოთხი მათგანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იპოვეს. შენობაში მიაგნეს 14 წლის ბავშვსაც.
ზელენსკის არჩევნების ჩატარება არ სურს, მას ეშინია. არჩევნების ჩატარებისკენ კი მას ტრამპი მოუწოდებს და არა მარტო. არჩევნების ჩატარება სურს უკრაინელ ერსაც. ასე გაგრძელება როდემდე შეიძლება? უკრაინელთა მოთხოვნა კი, რომ არჩევნები ჩატარდეს, ზელენსკიმ რუსულ დეზინფორმაციად შერაცხა. არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. კენჭისყრის გარეშე ამდენი ხნით ძალაუფლების ფლობა არც ერთი უკრაინული კანონით გათვალისწინებული არ გახლავთ", - განაცხადა ჟურნალისტმა.