
დაზარალებულად ცნობილი ნატა ვიბლიანი, ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესა და მის იურიდიულ გუნდს საჯაროდ მიმართავს და საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, კონკრეტული განმარტებების გაკეთებას სთხოვს.
მისი თქმით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე გაურკვევლობა და დაცვის მხარის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა მიუღებელია.
ვიბლიანის განცხადებით, 22 ოქტომბერს აცნობეს, რომ გამოძიება დასრულდა, თუმცა ამ დრომდე არ აქვს შესაძლებლობა, სრულად გაეცნოს საქმის მასალებს და მიიღოს ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
მისივე განმარტებით, კაკაბაძეს ოფიციალურად მიმართა მოთხოვნით, საქმის თბილისში გადატანისა და მიუკერძოებელი პროკურორის დანიშვნის საკითხზე, თუმცა, პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.
ის იურიდიული გუნდისგან პროფესიულ კომუნიკაციას და ინფორმაციას ითხოვს, პროკურატურაში წარდგენილი შუამდგომლობებისა და დაცვის სტრატეგიის შესახებ.
„- ბატონო ტარიელ, რატომ არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება საქმის მიმდინარეობის შესახებ?! საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვითხოვ საჯარო განმარტებას: გამოძიება რა ეტაპზეა?! რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა?! რა შედეგებია მიღწეული და რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ?! რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს გაურკვევლობა?! რატომ არ მაქვს პასუხები ჩემს დასმულ კითხვებზე?!
მე, ნატა ვიბლიანი, ასტემირის შვილი, ვითხოვ ჩემი უფლებების დაცვას, საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას და ყველა წარმოდგენილი მტკიცებულების კანონიერ შეფასებას!
აღარ მსურს ზოგადი დაპირებები და გაურკვეველი პასუხები. ვითხოვ სამართლებრივ მოქმედებებს! კანონის დაცვას და სამართლიან გამოძიებას!"- წერს ვიბლიანი.
დაზარალებული შესაბამის უწყებებს ბოლო ვადას უწესებს. მისი განცხადებით, თუ კვირას, 8 ნოემბერს, ბაჩუკი ჩვიმიანი დაკავებული არ იქნება, ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ამბობს, რომ გაასაჯაროებს ფაქტებს, პროკურორისა და იმ პირების აცილებას მოითხოვს, რომელთა მიმართაც საქმის გაჭიანურებისა და მიუკერძოებლობის საკითხებთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა.