
საპატრიარქო კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და კანონის დაჩქარებული წესით მიღების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ცვლილებები იმდენად სწრაფად დამტკიცდა, რომ საპატრიარქომ საკითხის შესწავლა და კითხვების დასმაც ვერ მოასწრო.
„ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ეს ესე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი.
ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. კათოლიკოს პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა ამ პერიოდში და ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემასა და სარეაბილიტაციო დაწესებულებების დაფინანსების აუცილებლობაზეც საუბრობს. მისი თქმით, წინა რეგულაციების შემუშავებას ოთხი წელი დასჭირდა, ახალი კანონი კი ორ დღეში მიიღეს.
„ჩვენ გვაფიქრებს ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში აზარტული თამაშების კუთხით ისედაც საგანგაშო არის და კარგი იქნება, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელოთ ზიანის შემცირებაზე, რა ზიანი მოაქვს აზარტულ თამაშებს მოსახლეობას, რომელიც საჭირო არის ვიმსჯელოთ, რომ შეიქმნას და დაფინანსდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რადგანაც ეს არის თამაშდამოკიდებულება და თამაშდამოკიდებულება საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის იქ, ასაკთან დაკავშირებით და იმ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ და აი ისე თქმა მინდა, როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული, ორი დღის განმავლობაში იქნა მიღებული, ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია, - თქვა საპატრიარქოს საზოგადოებასთან სამსახურის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 28 ოქტომბერს კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება დაჩქარებული წესით მიანიჭა. კანონით, განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ტურნირის ორგანიზატორები სათამაშო მაგიდებზე დაწესებული მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან. ცვლილებებს სახალხო დამცველი, სამოქალაქო ორგანიზაციები და ოპოზიციის ნაწილი აკრიტიკებდნენ