რეზონანსი
05.11.2026

 პასუხი არ არის - არც ბრიუსელიდან და არც თბილისიდან. ევროკავშირის ელჩმა მედიის კითხვების მიუხედავად არ დააკონკრეტა, ვინ შეიძლება იყვნენ ის "თვითნებურად დაკავებულები" რომელთა გათავისუფლებასაც ევროკომისიის ახალი ანგარიშით ითხოვენ. პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა მხოლოდ ის, რომ სია არსებობს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ადგენენ, თუმცა არ უპასუხა კითხვას - ვის მიიჩნევენ უსამართლოდ დაკავებულებად - 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულებს, რომელთაც თავადვე აღიარეს დანაშაული თუ მათ, ვინც "მოლოტოვის კოქტეილის" სროლისთვის იხდიან სასჯელს. პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა დიპლომატს - წარმოადგინოს კონკრეტულ პირთა გვარები. ირაკლი კობახიძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მოძალადეებს, ბრიუსელიდან მფარველობენ და ახლა სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

შეკითხვა ისევ უპასუხოდ რჩება. ევროკავშირის ელჩმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბევრი ისაუბრა ხელისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ზოგად მიდგომებზე, თუმცა არა კონკრეტულ საკითხებზე.

პაველ ჰერჩინსკიმ არ უპასუხა არც იმ შეკითხვას, რომელიც "კურიერმა" ელჩს რამდენიმე დღის წინაც დაუსვა - საფრანგეთში განვითარებული მოვლენების და ლაზარე გრიგორიადისის საქმიდან გამომდინარე.

მაშინ რატომ ფინანსდებოდა ევროკავშირის ფონდიდან "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია? - ეს ერთ-ერთი ის მთავარი კითხვაა, რომელიც მმართველ პარტიაში პაველ ჰერჩინსკის მისამართით ჩნდება. აინტერესებთ ისიც, რატომ არ გმობს ელჩი პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს - 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას, რომლის მონაწილეებსაც მხარდაჭერას თავად ევროკომისიის პრესსპიკერი უცხადებდა. დიპლომატის განცხადებებიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარემ მას ის კონკრეტული საქმეებიც შეახსენა, თუ რა გახდა ბარიერი სერიოზული დიალოგისთვის.

ოპოზიციისთვის სია საჭირო არც არის. ამბობენ, რომ მათთვის ყველაფერი გასაგებია. მეტიც, ის რაც გუშინ ევროკავშირის ელჩმა ვერ დააკონკრეტა, დააკონკრეტა დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ". სააკაშვილის პარტიაში თქვეს, რომ ევროკომისიის მოთხოვნა - თვითნებურად დაკავებულების გათავისუფლებაზე, არა მხოლოდ აქციის მონაწილეებს, არამედ მათ ლიდერსაც ეხება.

რატომ არ კონკრეტდება რა მუხლებით დაკავებულებზეა საუბარი? - მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ევროპელი ბიუროკრატების ტენდენციურ მიდგომებსა და ორმაგ სტანდარტს ოპოზიციის განცხადებები ვერ ამართლებს. მათი თქმით, კითხვა უფრო მეტი ჩნდება, როდესაც პასუხს ელჩიც თავს არიდებს და ბრიუსელის ჩინოსნებიც.

სამართლებრივი საკითხების პოლიტიზების მცდელობებს შემაშფოთებელს უწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ევროკომისიის ანგარიშის საპასუხოდ გამოქვეყნდა. უწყებამ მთავრობის ჩართულობის გარეშე მომზადებულ დოკუმენტში ფაქტობრივ უზუსტობებზე, შერჩევით ანალიზსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაზეც მიუთითა, თუმცა იქვე გამოთქვა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირთან ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული, ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×