
Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დონალდ ტრამპით უკმაყოფილო ამომრჩევლების გაერთიანებას და „ახალი მემარჯვენე“ ალიანსის ჩამოყალიბებას ცდილობს.
შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მძიმე მარცხის შემდეგ ვენსმა საკუთარი პოლიტიკური გზავნილების გავრცელება თავად ითავა და საგარეო პოლიტიკისა და ისრაელთან აშშ-ის ურთიერთობების საკითხებზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას გაემიჯნა.
Fox News-ის წყაროს ცნობით, ოთხშაბათს დილით თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც შუალედური არჩევნების შემდეგ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გზავნილების შეთანხმება იყო. მეორე წყარომ კი შეხვედრა ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების რეგულარულ თათბირად აღწერა.
ვენსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა: „ჩვენი მარცხის მიზეზი ომია. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმაც ისაუბრა გასულ ღამეს. თუ გსურთ, ამტკიცოთ, რომ ეს ომი ღირდა და რომ სენატზე მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში კონტროლის დაკარგვა მისაღები ფასი იყო, მაშინ თქვით ეს პირდაპირ. შეგიძლიათ, ამტკიცოთ, რომ გაღებული ფასი გამართლებული იყო. დაეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას, ეს მაინც გულწრფელი საუბარი იქნება“, - დაწერა ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთმა სოციოლოგმა, რომელსაც პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს, ოთხი ამოცანა ჩამოაყალიბა, რომელთა შესრულებაც „რესპუბლიკელებს“ ამომრჩევლების დაბრუნებაში დაეხმარება: ირანთან ომის დასრულება, ცხოვრების გაძვირებისა და ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირება, პრინციპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გატარება და „ისრაელთან ურთიერთობის შეცვლა“.
Fox News-თან საუბრისას ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ოთხი პრიორიტეტი ვენსის გზავნილია „ახალი მემარჯვენეებისთვის“. ამ ტერმინში, მისი განმარტებით, მოიაზრება „რესპუბლიკელთა“ კოალიცია, რომელიც ტრამპის თავდაპირველ მოძრაობას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ემხრობა. ამ პოლიტიკური მიმართულების ძირითადი პრინციპებია უცხოეთის კონფლიქტებში ჩაურევლობა, ამერიკელი ოჯახებისთვის ცხოვრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საზღვრების ჩაკეტვა.
ამასთან, წყაროს თქმით, ამომრჩეველთა ამ ჯგუფის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ტრამპი ისრაელთან ზედმეტად მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამერიკული მემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის ნაწილისთვის ირანთან ომი ახლო აღმოსავლეთში ისრაელის გავლენასთან უშუალოდ არის დაკავშირებული, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ტრამპის ურთიერთობა კი ამ საკითხის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„რესპუბლიკელი“ მაღალჩინოსნის განმარტებით, ვენსის გზავნილი ტრამპისგან დისტანცირებას არ ნიშნავს. მისი თქმით, ეს არ ჰგავს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ნაბიჯს, რომელმაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ტრამპი საჯაროდ გააკრიტიკა. წყაროს თანახმად, ვენსი ცდილობს მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს იმ „რესპუბლიკელ“ ამომრჩევლებს, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს, თუმცა მის საგარეო პოლიტიკას არ ეთანხმებიან ან თავს მოტყუებულად მიიჩნევენ.