
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის წევრი, 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად ასევე დაშავდნენ დაღუპულის მშობლები და 2 წლის და.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. მანქანა მოცურდა, ჯერ ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი გზიდან გადავარდა. 9 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, ოჯახის სამი წევრი კი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, სამივე მათგანს მოტეხილობები აღენიშნება. 2 წლის გოგონას კი მენჯის ძვალი აქვს გატეხილი. შესაძლოა, მიგვიანებით, ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.
როგორც გამოცემამ „მთავარი ამბები კახეთიდან“ გაარკვია, მამა, შვილის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკიდან სახლში გაეწერა.