რეზონანსი
03.11.2026

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ, 4 ნოემბერს დატოვებენ. ორივე მსჯავრდებული ციხიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველზე თავისუფლდება.

ლაშა ბერიძისა და მურთაზ ზოდელავას გარდა, საპროცესო შეთანხმება მათთან ერთად კიდევ ორ მსაჯავრდებულს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას გაუფორმდა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ოთხივე მსჯავრდებულს 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

მსჯავრდებულებიდან ირაკლი ჩხვირკია პენიტენციურ დაწესებულებას 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. მურთაზ ზოდელავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

რაც შეეხებათ ირაკლი ჩხვირკვიასა და გური ჟვანიას, მათ, 5-5 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×