
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" წევრი, ილია ინჯია ბიშკეკში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივ ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა.
"მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ყირგიზეთი, რომელიც ისტორიულად ყოველთვის მონაწილეობას იღებდა შუა დერეფანში, ევროპასა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე.
დღეს შევხვდით დიასპორას, რა თქმა უნდა, დიასპორის წარმომადგენლები ბევრი არ არიან ამ ქვეყანაში, თუმცა ვეცდებით, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ და მათი ინტერესებიც ამ ქვეყანაში დაცული იყოს," - განაცხადა ილია ინჯიამ.
ბიშკეკში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილი ხვალ ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდება. სპიკერმა უკვე გამართა შეხვედრა მის ყირგიზ კოლეგასთან. საკანონმდებლო ორგანოში შედგა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რის შემდეგაც მხარეებმა ეროვნული დელეგაციების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრაზე გადაინაცვლეს.
შალვა პაპუაშვილმა გააჟღერა ინიციატივა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოსა და ცენტრალური აზიის 5 ქვეყანას გააერთიანებს და რომელიც შუა დერეფნის პოტენციალის ათვისების საკითხებზე იმუშავებს.
დღესვე გაიმართა შეხვედრა დიასპორის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო ყირგიზეთში მცხოვრები ქართველების საქმიანობას, გამოწვევებს, საქართველოსთან კავშირების შენარჩუნებას, ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას.