
მახინჯი გაგება, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს მედია, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს.
„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება - გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება გამოხატვის თავისუფლებით არ არის დაცული არსად. უნდა დავუახლოვდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია. ცივილიზებულ ქვეყნებში, ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არ არის მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი, არამედ ასე არის კაცობრიობა აწყობილი. ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს ცილისწამების მართებულობა. მედიებს, რომლებიც ცილისწამებას ავრცელებდნენ, შესაძლებლობა აქვთ, თქვან, რის საფუძველზე ამტკიცებდენ, რა მტკიცებულებები ან ინფორმაცია ჰქონდათ. ყველა რომ დავინახავთ, არაფერი ჰქონდათ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, აჩვენებს, რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვექნება საქმე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.