რეზონანსი
02.11.2026

 მმართველი გუნდის საკონსტიტუციო სარჩელს, ზუსტად ერთ კვირაში, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ ახალი არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს. 9 ნოემბრიდან, პარტიების აკრძალვის საქმეზე, სასამართლო სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდის მიერ მომზადებული სარჩელი ფაქტებით გამყარებულია და კარგად ჩანს, თუ რატომ უნდა აიკრძალონ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც ბრალი არაკონსტიტუციურ ქმედებებში ედებათ.

პრემიერ-მინისტრი, სასამართლო სხდომების პარალელურად, კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობაზე საუბრობს, პარტიების აკრძალვის საქმის სტრასბურგში გასაჩივრების მცდელობას კი, საქმის პოლიტიზებას უწოდებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა სხდომებმა და ოპოზიციური პარტიების თავის მართლების მცდელობებმა სახელისუფლებო გუნდს პოზიციები გაუმყარა. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ასაკრძალი პოლიტიკური ძალების მიზანი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა.

"ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", "ფედერალისტები", "ახალი" და გახარიას პარტია - ეს ის პოლიტიკური სუბიექტები არიან, რომელთა არაკონსტიტუციურობასაც მოსამართლეთა პლენუმი განიხილავს. საჯარო განცხადებებში აკრძალვის საფრთხის წინაშე მყოფი პარტიები ნაწილი საზოგადოებას არწმუნებს, რომ წინა ხელისუფლების დროს დანაშაულები არ ჩაუდენიათ, ნაწილი კი ცდილობს, სარჩელის შინაარსს დაუსაბუთებელი უწოდოს. საკონსტიტუციოში წარდგენილი ბრალდებები საკმაოდ მძიმეა - კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქმედებები, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა და უცხოური ძალების მითითებების შესრულება.

ოპოზიციის ტაქტიკას - სარჩელში მოყვანილ ფაქტებსა და მტკიცებულებებს პოლიტიკური განცხადებები დაუპირისპირონ - სახელისუფლებო გუნდისთვის კონკრეტული ახსნა აქვს. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ამით ასაკრძალი პარტიები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საკითხზე სხდომები მომავალ ორშაბათს განახლდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×