რეზონანსი
02.11.2026

 ქვეყნის ხმა საერთაშორისო ასპარეზზე - ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი პრიორიტეტების გატარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი - ცერემონიების სასახლეში დიპლომატიის დღე აღინიშნა. სწორედ ქართველი დიპლომატების როლზე გააკეთა აქცენტი საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე ომებისა და მზარდი იდეოლოგიური პოლარიზაციის ფონზე, ქართველი დიპლომატების როლი სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ძლიერი დიპლომატიური სამსახური ძლიერი სახელმწიფოს საიმედო საყრდენია - ამ სიტყვებით მიმართა დიპლომატებს მთავრობის მეთაურმა. პრემიერ-მინისტრმა აქცენტი, ოკუპაციისა და უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური სამსახურის უფრო მეტად განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა საქართველოს მთავრობის მიზანია.

დიპლომატიის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ქართველ დიპლომატებს მოუწოდა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვა წარმატებით განაგრძონ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკა სენტიმენტების სფერო არ არის და სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ამის გაცნობიერება კი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის აუცილებელი წინაპირობაა.

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში დიპლომატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაკა ბოჭორიშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, ეროვნული ინტერესების დაცვა და ისეთი საერთაშორისო გარემოს უზრუნველყოფაა, რომელიც ქვეყნის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიების დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა დიპლომატებს სულხან-საბა ორბელიანისა და აკაკი ჩხენკელის სახელობის უწყებრივი ჯილდოები გადასცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×