რეზონანსი
01.11.2026

ძალიან მეცოდება, რომ ასეთ აგონიაშია, უკვე მისი დაკვეთილი მკვლელობები ელანდება, ესიზმრება და ამას კიდევ მისი პირით ხმამაღლა გადმოსცემს, - განუცხადა „იმედის კვირას" სერჟანტ როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ციცინო შავაძის თქმით, მის მეუღლეს არც ბრძოლის ველი და არც მისი თანამოძმეები მიუტოვებია.

„მეცოდება უბრალოდ, მეცოდება. ძალიან მეცოდება, რომ ასეთ აგონიაშია, უკვე მისი დაკვეთილი მკვლელობები ელანდება, ესიზმრება და ამას კიდევ მისი პირით ხმამაღლა გადმოსცემს.

ჩემს მეუღლეს არც ბრძოლის ველი მიუტოვებია, არც მისი თანამოძმეები მიუტოვებია. ჩემი მეუღლე სამჯერ შებრუნდა. მიცვალებულები და მისი დაჭრილი ამხანაგები გამოიყვანა. მან [სააკაშვილმა] კი ერთი თვითმფრინავის გაფრენისას სტუმარი მიატოვა, დაემხო და სირბილით გაიქცა. საით გაქცეულიყო, იმასაც ვერ მიმხვდარიყო.

ვერ აპატიეს, სამშობლო რომ უყვარდა და მათსავით ლაჩარი არ იყო, როგორც მთავარსარდლები გარბოდნენ და ბრძოლის დროს საით გარბოდნენ, რომ არ იცოდნენ. იცოდნენ, რომ ეს არ გაჩუმდებოდა. ყველაფერი ისე დადგეს, როგორც უნდოდათ და როგორც მოხდა.

არ მჯეროდა, რომ რომას ასე გაუსწორდნენ. ეს არასდროს დამავიწყდება.

ეჭვიც არ მეპარება, ეს იმიტომ გააკეთა, რომ ასეთი ვაჟკაცები დაუხვრიტა საქართველოს, მისი დანაშაული სხვისთვის დაებრალებინათ. ამით დაეშინებინა ის სამხედრო ძალა, ჯარი, რათა არ ემოქმედათ და ვინმეს ხმა არ ამოეღო. დღესაც კიდევ ჭორს ყრიან და ლაპარაკობენ, რაც უნდათ, მაგრამ მგონია, რომ ქართველ ხალხს არაფერი ავიწყდება. ყველაფერი მწარედ ახსოვს. საქართველოს მან არაერთი შვილი მოუკლა, არაერთი გმირი.

ვფიქრობ, რომ მან დღეს უკვე მისი პირით აღიარა, რომ მისი დაკვეთილი მკვლელობა იყო. მინდა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ციცინო შავაძემ.

მიხეილ სააკაშვილი აღიარებს, რომ როინ შავაძე მოკლეს და მისივე თქმით, სჯობდა სერჟანტი, გაესამართლებინათ. პატიმარმა სააკაშვილმა დაღუპულს შეურაცხყოფა მიაყენა, როინ შავაძეს მოღალატე უწოდა, რომელიც მისი სიტყვებით, რუსულ მხარეს გადასცემდა ინფორმაციებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×