
კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა, 9 ნოემბრიდან გაგრძელდება. ახსნა-განმარტების ეტაპი უკვე დასრულებულია. ზუსტად 8 დღეში კი მხარეები კითხვა-პასუხზე გადავლენ. თუმცა მანამდე რა აჩვენა განხილვების ორმა კვირამ? კანონმდებლები ამბობენ, რომ ასაკრძალთა სიაში მყოფ პოლიტიკურ ძალებს სასარჩელო მოთხოვნისა და მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, ერთი არგუმენტიც არ წარმოუდგენიათ და უფრო მეტიც, მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის ტირაჟირებას.
მოსარჩელეები ამბობენ, რომ მათი მხრიდან ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში მხილებული ოპოზიცია ერთადერთ ტაქტიკას მიმართავს - დეზინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და პროცესი ხელოვნურად გააჭიანურონ.
სარჩელის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე დადასტურებულ დანაშაულებს, 5 პოლიტიკური სუბიექტი მტკიცებულებებს ვერც მომავალში დაუპირისპირებს.
"ჩვენ დღემდე მოვისმინეთ აბსოლუტურად მტკიცებულებებისგან დაცლილი არგუმენტები, არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება მოპასუხე მხარისგან. მცდელობა, გააჭიანურონ პროცესი მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარის სასარჩელო განცხადება არის გაჯერებული იმ ფაქტობრივი მტკიცებულებებით, რომელიც იცის მთელმა საზოგადოებამ. თუმცა, ეს ის მოცემულობაა, როდესაც ჩვენთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესი განვითარდება. არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა, რა თქმა უნდა, ქვეყანაში გამოიწვევს დემოკრატიული პროცესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ქვეყანაში კონსტრუქციული ოპოზიციის გაჩენას გულისხმობს", - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.