რეზონანსი
30.10.2026

დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც აგრძელებენ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. კერძოდ, არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან და ამართლებენ 2024 წლის 18 ნოემბრის წერილს, რომელიც მათ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე.

"გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამ წერილით ეს არაკონსტიტუციური პარტიები ევროკავშირისგან ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას საჯაროდ ითხოვდნენ, მათ შორის, საჯაროდ ითხოვდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულიყო და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილიყო. ასევე, დადასტურდა, რომ არაკონსტიტუციური პარტიები რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვას ცდილობდნენ. კერძოდ, სასამართლოს საჯარო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ქართველი მოხალისეების უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით ფრენების მოთხოვნა ვერანაირად ვერ ჩაითვლება კონფლიქტის მხარედ ქცევის უშუალო რისკად",- აღნიშნა გორდულაძემ.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წინა დღეებში იმ აღქმის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს სარჩელი დაუსაბუთებელია და მათ მათთვის წარდგენილი ბრალდებები ვერ გაიგეს.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია. დიახ, ნამდვილად. ვეთანხმებით მოპასუხეებს. ფაქტები არ არის ახალი და ეს ფაქტები ყველასთვის ცნობილია“.

„დღევანდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო წინა სხდომებზე მოპასუხეთა მტკიცება იმის შესახებ, რომ სარჩელი თითქოსდა არავითარ მტკიცებულებებს არ ეყრდნობოდა. წინა დღეებში მოპასუხეები ურცხვად მანიპულირებდნენ იმაზე, რომ სარჩელში დანართად მხოლოდ 4 დოკუმენტი იყო წარმოდგენილი. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ შუამდგომლობის დაყენების დროს, არაკონსტიტუციურ პარტიებს თავად მოუწიათ იმის აღიარება, რომ რეალურად უშუალოდ სარჩელში სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად 100-ზე მეტი წყარო არის მითითებული; მითითებულია როგორც წერილობითი ასევე ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს დეტალურად ასახავს. აღნიშნული კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს იმას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით საზოგადოებაში ცრუ აღქმების დამკვიდრებას ცდილობენ, რაც, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ არ გამოუვათ.

მიმდინარე საჯარო სასამართლო სხდომებზე დადასტურდა, რომ სრული სიცრუე იყო არაკონსტიტუციური პარტიების მიერ წლების განმავლობაში ნაწარმოები კამპანია იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი საქართველომ შეაჩერა 2024 წლის ოქტომბრის თვეში. მიმდინარე სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ აღიარა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა ჯერ კიდევ 2024 წლის ივლისის თვეში“,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×