
მსოფლიოს 37-მდე ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის, ექსტრემალური ამინდის ან კიბერსაფრთხეების შემთხვევისთვის სურსათისა და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი შექმნან. საფრანგეთის ნორმანდიის რეგიონის მთავრობა მოსახლეობას სოციალურ ქსელში მიმართავს „ნუ, დაელოდებით საგანგებო სიტუაციას, მოემზადეთ ახლავე“.
კანადაშიც, იაპონიაში, მექსიკასა და ნიდერლანდებშიც მოსახლეობას ურჩევენ, სახლში სამი დღის მარაგი ჰქონდეთ. შვედეთსა და ნორვეგიაში მოსახლეობას დაახლოებით ერთი კვირის მარაგის შენახვას ურჩევენ, გერმანიაში კი 10 დღემდე.
აშშ-ში შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მოსახლეობას რამდენიმე დღის სამყოფი საკვები, წყალი და სხვა აუცილებელი ნივთები უნდა ჰქონდეს.
ზოგ ქვეყანაში რეკომენდაციები მხოლოდ გარკვეულ რეგიონებზეა გათვლილი. მაგალითად, დასავლეთ ავსტრალიაში იმ რაიონების მაცხოვრებლებს, სადაც ციკლონები ხშირია, საკვების, წყლისა და მედიკამენტების ნაკრების მომზადებას ურჩევენ.
სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში კი ოჯახებს მოუწოდებენ, სახლში, სულ მცირე, სამი დღის მარაგი ჰქონდეთ.
ევროკომისიამ 2025 წლის მარტში „მზადყოფნის კავშირის სტრატეგია“ წარადგინა და განაცხადა, რომ ევროპას მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კონფლიქტები და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიების საფრთხე ემუქრება.
საგანგებო მზადყოფნის თემა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროშიც აქტუალურია. თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბოლო მემორანდუმში აღნიშნა, რომ ამერიკის სამხედრო ბაზების ნაწილს უნდა შეეძლოს, სულ მცირე, სამი თვე ავტონომიურად ფუნქციონირება, თუ კონფლიქტის დროს გარე მომარაგებას მოსწყდებიან.
მანამდე, გამოცემა „გარდიანმა“ დაწერა, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო კამპანია „იყავი მზად“, რომლის მიზანია ქვეყნის მომზადება კლიმატური კრიზისის, ტექნოლოგიურ სისტემებზე დამოკიდებულებისა და მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე საფრთხეებისთვის. დიდი ბრიტანეთის ახალი რეკომენდაციის თანახმად, თითოეულმა ოჯახმა სახლში უნდა იქონიოს სასმელი წყლისა და საკვების სამდღიანი მარაგი, რათა გაუმკლავდეს ექსტრემალურ ამინდს, კიბერსაფრთხეებსა და სხვა სერიოზულ საგანგებო სიტუაციებს.