რეზონანსი
29.10.2026

 თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას 2025-2026 წლების ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიაში" გაიმართა და მას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი დავით გელოვანი დაესწრნენ.

გივი ჩხარტიშვილმა მოსახლეობას დიდუბის რაიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საკრებულოში თავისი საქმიანობაც მიმოიხილა.

როგორც გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, დიდუბის რაიონში საანგარიშო პერიოდში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რაც მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დეპუტატის თქმით, 2025-2026 წლებში დიდუბის რაიონში შეკეთდა შიდაკვარტალური გზები, ასევე საცხოვრებელი სახლების ეზოებში - ასფალტის საფარი; მოეწყო წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები და სხვა.

დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო განხორციელდა, მათ შორის სხვადასხვა მისამართებზე შეკეთდა ლიფტები, დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები, მოეწყო წყალ-კანალიზაციის ქსელი, გამაგრდა საცხოვრებელი სახლი და გარემონტდა სახურავები.

ამას გარდა, გივი ჩხარტიშვილმა თავის ანგარიშში ყურადღება სოციალურ და ჯანდაცვის მხარდაჭერის პროგრამებზე გაამახვილა. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით მოხდა მოქალაქეების ბინის ქირით, მედიკამენტებით და სტაციონარული მკურნალობით უზრუნველყოფა.

გივი ჩხარტიშვილმა დიდუბის რაიონში გამწვანების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 74 მისამართზე მოეწყო ახალი სკვერი, 44 მისამართზე კი მოხდა არსებული სკვერების რეაბილიტაცია.

დიდუბის რაიონის მაჟორიტარის თქმით, საანგარიშო პერიოდში დიდუბეში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით სხვადასხვა კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიება გაიმართა.

როგორც გივი ჩხარტიშვილმა განაცხადა, იგი აქტიურად განაგრძობს მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეთა მიღებას და მათი პრობლემების მოსმენას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საკითხის გამოვლენის და მათზე დროული რეაგირებისთვის.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოში გივი ჩხარტიშვილის საქმიანობას, საანგარიშო პერიოდში მან აქტიური მონაწილეობა მიიღო როგორც საკრებულოს სხდომების, ასევე ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და სარევიზიო კომისების მუშაობაში. გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნული კომისიების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×