რეზონანსი
29.10.2026

ტყუილია ნიკა გვარამიას და მისი პარტიის განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაში დაირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს არეგულირებს. ტყუილია ასევე მათი განცხადება იმის შესახებ, რომ პარტიების აკრძალვა დიქტატურის დამყარებას ნიშნავს,  -  ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ  მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა, სწორედ ევროპული სტრუქტურების პრინციპების შესაბამისია.

„სინამდვილეში, ჩვენს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული არაკონსტიტუციური და დემოკრატიის პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედი პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სწორედ რომ ევროპული სტრუქტურების მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარეობს და სრულად შეესაბამება მას. გარდა ამისა, თუ ნიკა გვარამიას პარტიის ლოგიკას გავყვებით და პარტიების აკრძალვა მართლაც დიქტატურის დამყარებას ნიშნავს, მაშინ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს იმ ყველა ქვეყანაში დიქტატურა ყოფილა დამყარებული, სადაც არაერთი პოლიტიკური პარტიაა აკრძალული, მაგალითად, უკრაინაში, მოლდოვაში, გერმანიაში, ესპანეთში და ა.შ.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ აბსურდზე, კერძოდ, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები ევროპული ღირებულებების უგულებელყოფას ჩვენ ედავებიან, მაშინ როდესაც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხის მომსწერიგებელი 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ქართული ოცნების ავტორობით ჩაიწერა, საქართველოს კონსტიტუციის მიღებისას კენჭისყრის დროს კი მაშინდელმა ოპოზიციამ, ანუ ნაცმოძრაობამ, მას მხარი არ დაუჭირა,“ - განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამია და მისი პარტია აცხადებდა, რომ პოლიტიკური პარტიის გავლენა და პარტიის საარჩევნო მხარდაჭერა, შესაძლებელია, პარტიის აკრძალვის პროცესში გასათვალისწინებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი იყოს, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას.

„მისი დღევანდელი ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს წინა სხდომებზე ამ საკითხის შესახებ მათ მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, რა დროსაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ პარტიის  აკრძალვის  დროს  პარტიის  საარჩევნო  მხარდაჭერა  არ შეიძლება გასათვალისწინებული კრიტერიუმი ყოფილიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს მოკლედ აღვნიშნით, რომ ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა დღეს ერთმანეთისგან განსხვავებული და წინააღმდეგობრივი პოზიციების დაფიქსირება, უბრალოდ, არასერიოზულია,“ - აღნიშნა გორდულაძემ.

მან ასევე ტყუილი უწოდა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელის შეტანამდე თავად შექმნა ფაქტები და რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად დაკომპლექტდა.

„ტყუილია, რომ ქართულმა ოცნებამ სარჩელის შეტანამდე რეტროსპექტიულად თავად შექმნა ფაქტები და შემდეგ სარჩელი ამ შექმნილ ფაქტებს დააფუძნა.

სინამდვილეში, კონსტიტუციური სარჩელი მხოლოდ არაკონსტიტუციური პარტიების მიერ ჩადენილ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ეფუძნება.

ტყუილია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვით ადამიანის უფლებები დაირღვა.

სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეების მიერ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის მექანიზმის დანერგვა სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელიც მან საბერძნეთთან დაკავშირებით გამოიტანა (საქმეზე „სიტაროპულოსი და გიაკუმოპულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“).

ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული.

სინამდვილეში, გვსურს კიდევ ერთხელ ცალსახად აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული,“ - აღნიშნა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×