
ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, კიდევ ერთხელ, რომ უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადებები, ოღონდ აქ არა- გარეთ - ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ, - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი განიხილება, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი სიორიძესთან მიმართებით გააკეთა.
გორდულაძის პროტესტი გამოიწვია სიორიძის მიერ გაკეთებულმა კონკრეტულმა განცხადებამ, სადაც მან თქვა: „მე არ მინდა, რომ საქართველოში იყოს ასეთი პრეცედენტი, რომ რუსეთს გადავუსწროთ ავტორიტარულ მისწრაფებაში.
კერძოდ, სიორიძემ მოსარჩელის მიერ სარჩელში ლეგიტიმაციის აღიარების საკითხზე განმარტების გაკეთებისას აღნიშნა, რომ რუსეთის დუმის 2021 წლის არჩევნებს კომუნისტური პარტია ლეგიტიმურად არ აღიარებდა, თუმცა ამის გამო მათი აკრძალვის აზრი არავის მოსვლია და გამოთქვა სურვილი, რომ ამ მხრივ საქართველო რუსეთის ავტორიტარულ მისწრაფებებზე წინ არ წასულიყო.
„ეს სასამართლოს არ მიემართება, მიემართება მოსარჩელე მხარეს“,- განმარტა სიორიძემ.
ამასთან, როგორც გიორგი სიორიძემ არჩილ გორდულაძის პროტესტის საპასუხოდ აღნიშნა, მათთვის შეურაცხმყოფელი მთლიანად საკონსტიტუციო სარჩელია.
„შეურაცხმყოფელი რა იყო, ან ხმას როდის ავუწიე, ან ნერვებზე რა შემატყვეთ, რომ ვერ ვიწყნარებ. ხელის გამოშვერა რა ნიშნავს?! აქეთ აღარ გამოვიხედო ხოლმე ? თქვენ არაკონსტიტუციურ პარტიას გვეძახით და მე ავტორიტარიზმის შეფასების უფლება არ მაქვს თქვენი პარტიის? ძალიან დიდი ბოდიში რა! მე არა თუ შეფასება მიწევს, მე მიწევს იმის დასაბუთება, რომ ავტორიტარულია მხარე და ეს შეურაცხმყოფელი თუ არის მათთვის, სარჩელში რაც არის ნათქვამი, რომ ჩვენ ანტიდემოკრატიული და ანტიკონსტიტუციური პარტია ვართ, ესეც შეურაცხმყოფელია, თვითონ სარჩელია ჩვენთვის შეურაცხმყოფელი ამ თვალსაზრისით. მიმაჩნია ავტორიტარულ ძალად, რომელსაც ვასაბუთებ რატომ. ეს არის მთელი ჩემი ახსნა-განმარტება, როდესაც „ქართულ ოცნებაზე“ ვსაუბრობ“.- განაცხადა სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ სიორიძის განცხადება ავტორიტარიზმთან დაკავშირებით არაეთიკურად შეაფასა.
„არაეთიკურია! ჩვენ ამ პრინციპით მოვდივართ მთელი ეს დღეები, რომ აქ არ იქნება შეურაცხმყოფელი შეფასებები. თქვენ არ ვიცი ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გექნებათ შეფასებები, და ა.შ. ამ შეფასებებში სასამართლო სხდომის დარბაზს გარეთ თავისუფალი ხართ, ყოველ შემთხვევაში, სასამართლოსგან, დანარჩენი თქვენი პასუხისმგებლობაა“.- განაცხადა ნადარაიამ.