
რამდენ ხანს უნდა ვისმინოთ, ბატონო მოსამართლევ, ნიკა გვარამია რით ამაყობს? თუ რამით სიამაყის გრძნობას განიცდით, გარეთ როცა გაბრძანდებით, ეს თქვენი უფლებაა, იამაყოთ რამდენიც გნებავთ. ნიკა გვარამია რით ამაყობს და რით არ ამაყობს, შეეძლო აქამდე ესაუბრა და ახლა სასამართლო სხდომა ვერ გამოდგება თავისი შეხედულებების და გრძნობების ბენეფისად. ძალიან გთხოვთ, დაუბრუნდეს სასამართლო სარჩელის განხილვის პროცესს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლო სხდომაზე მაშინ განაცხადა, როდესაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი სარჩელში ბრალდების სახით გამოყენებულ მისივე წინადადებას პასუხობდა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლების წევრობით ამაყობდა.
კერძოდ, არჩილ გორდულაძის პროტესტი მოჰყვა განცხადებების სერიას, რომელიც ნიკა გვარამიამ ამ წინადადებით დაიწყო: „დიახ, მე მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო, ჯერ ყოველ შემთხვევაში, ასეა, ხელისუფლების ნაწილი ვიყავი. შემიძლია დღესაც, აქაც გავიმეორო, ვთქვა და ვამაყობ იმით, რაც გავაკეთეთ. მაგრამ არის რაღაცები, რითაც არ ვამაყობ. ვისაც უმუშავია, ალბათ, ყველას ბიოგრაფიაში გვაქვს საამაყოც და ისეთი რამ, რაც არ გვეამაყება“.
როგორც ნიკა გვარამიამ არჩილ გორდულაძის პროტესტის საპასუხოდ აღნიშნა, მოსარჩელე მხარე სტრატეგიულ სარჩელში დაშვებული სტრატეგიული შეცდომებით მოპასუხე მხარეს შესაძლებლობების ფანჯარას უხსნის და შემდეგ ამ შესაძლებლობის გამოყენებას აპროტესტებს.
„ბატონო თავმჯდომარე, რა მეჩვენება იცით, რომ სარჩელში თვითონ გამიხსნის მეც და სხვებსაც არასწორი ტაქტიკით თუ სტრატეგიით შესაძლებლობების ფანჯარას და მერე, როგორც კი ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობის ფანჯრით, ხვდება, რომ შეცდომა დაუშვა და იწყებს პროტესტს. „უკან მიდევნებული ლამპრით“ ასეთი საკითხები არ წყდება. ჩემს წინააღმდეგ ბრალდება არის კონკრეტულ წინადადებაზე, მე გიყვებით ფაქტობრივ გარემოებას, რა ვიგულისხმე ამ წინადადებაში. თუ არ მომეცით შესაძლებლობა იმის დამტკიცების, რა ვიგულისხმე, ბრალდება რჩება ბრალდებად. ნუ განმისაზღვრავთ, რომ ერთ ნაწილს მოვყვე და მეორე ნაწილს არ მოვყვე. ბრალდება ჩემი თავისთვის მე ხომ არ წამომიყენებია, რომ ვამაყობ, ზუსტად იმ ადამიანმა თქვა, რომელმაც ახლა პროტესტი დააყენა. ეს მისი შეცდომაა, პროცედურული აცდენაა თუ რაც არის, მე შესაძლებლობას ვიყენებ და შესაძლებლობის გამოყენება და ჭკუაში მოტყუება, ზოგადად, ჭკვიანების ხვედრია და ასევე, საპროცესო უფლება. ვამთავრებ უკვე - ამდენი საამაყოც არ მაქვს“, - განაცხადა გვარამიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ მოსარჩელე მხარის პროტესტი სამართლიანად მიიჩნია.
„საკითხი, რაც მოსარჩელე მხარემ დააყენა პროტესტის სახით, მისაღებია ამ შემთხვევაში და რატომ - აბსოლუტურად გეძლევათ შესაძლებლობა უპასუხოთ წარდგენილ პრეტენზიებს. ის, რომ განათლების რეფორმით ამაყობთ, ის, რომ თანამდებობიდან რომ გადადექით იმისთვის, რომ ხელფასი არ გყოფნიდათ, ამით ამაყობთ, ეს ასე უნდა იყოს და განსაკუთრებული საამაყო ამაში არაფერი არ არის!“ - მიმართა ნადარაიამ გვარამიას.