რეზონანსი
28.10.2026

ხელისუფლებას თუ სურდა სარჩელში მითითებული პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.

ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეფასება სარჩელში მითითებული ოპოზიციური პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, „თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა“.

„ის, რაც ახლა ბათუმში ხდება, არ არის ერთჯერადი აქტი, ეს არის განგრძობადი მოქმედებების ერთ-ერთი შემადგენელი რგოლი, რომლის ამოცანაა, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის დასრულება. ამ ხელისუფლების მხრიდან ამ მიდგომის მოწმე სხვადასხვა ფორმით გავხდით, გამორჩეულად 2020 წლიდან, როდესაც მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, დაწყებული აზრის გამოხატვით, პარტიათა ფუნქციონირებით, მათი დაფინანსებით და ა.შ. ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ პოლიტიკა ქვეყანაში დასრულდეს. სამართალწარმოება, რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის მრავალწლიანი მცდელობების გაგრძელება და სხვა არაფერი.

ჩვენ ხშირად გვესმის „ქართული ოცნების“ მხრიდან შეფასება სარჩელში მითითებული ოპოზიციური პარტიების რადიკალურ ბუნებასა და ხასიათზე, თუმცა ეს ნაბიჯი უშუალოდ ხელისუფლების მხრიდან პროცესის გარადიკალურებაა, ნებსით თუ უნებლიეთ. პროტესტი არსად არ წავა, ვერსად ვერ გაქრება და თუ უკმაყოფილებამ არ პოვა გამოხატვის ცივილური ფორმები, ის აუცილებლად მოძებნის გამოვლინების სხვა ფორმებს. ამ მიდგომით „ქართული ოცნება“ იმაზე უფრო რადიკალურია, ვიდრე ის პარტიები, ვის რადიკალურობასაც ცდილობს, რომ დაასაბუთოს ამ სარჩელის მეშვეობით.

ეს მიდგომა არის არასახელმწიფოებრივი. მე მესმის ისიც, რომ არის აზრთა სხვადასხვაობა იმ პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით, რომლებიც სარჩელშია მითითებული, მაგრამ ხელისუფლებას თუ სურდა, რომ ამ პარტიების უფრო მეტი მარგინალიზება მოეხდინა, მორიგ ჯერზე ისევ საკუთარ ფეხში გაისროლა, ვინაიდან გააცოცხლა ამ პარტიების რეიტინგი, უფრო პოპულარული გახადა მათი იმიჯი. გააცოცხლა ოპოზიციური პოლიტიკური ველი ამ პარტიების სახით, მათ მიანიჭა პოლიტიკური პლატფორმა და პოლიტიკური რეგენერირების საშუალება“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×