
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ბრალდებით დაკავებული ნია იმნაძის დედა საქმის პროკურორს, ქეთი სონიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და ტყუილში დაადანაშაულა.
კონფლიქტი იმ დროს დაიწყო, როცა პროკურორი სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
დღეს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პროცესი ჩატარდა, რა დროსაც ნია იმნაძის მასწავლებლები გამოკითხეს.
ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან - დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ "ზედმეტ ყურადღებას იჩენდა", რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.
პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.