
„ქართული ოცნება“ კაზინოებისთვის საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შესაძლებლობის მინიჭებასა და საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაჩქარებული წესით აგრძელებს. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით, 74 ხმით 9-ის წინააღმდეგ, მიიღო. განხილვისას პროექტში ცვლილება შევიდა - საერთაშორისო ტურნირის მონაწილეთა სულ მცირე 80% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, ნაცვლად თავდაპირველად გათვალისწინებული 70%-ისა.
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, ცვლილება მმართველ გუნდში, „ხალხის ძალასთან“ და „ევროპელ სოციალისტებთან“ გამართული კონსულტაციების შედეგად შეთანხმდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სამორინეები, რომლებიც 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტულ ტურნირებს მოაწყობენ და კლუბის მაგიდებს მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენებენ, შესაბამისი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.
ამასთან, ტურნირების ორგანიზება შესაძლებელი იქნება როგორც სამორინეს შენობაში, ისე მის გარეთ. ორგანიზატორებს ღონისძიებებიდან შემოსავლის მიღების უფლებაც ექნებათ.
საკანონმდებლო პაკეტის საბოლოო, მესამე მოსმენით მიღება დღესვე იგეგმება.