
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასის რეგიონის სრულად დაკავების ძალისხმევას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის წყაროს ცნობით, ალექსანდრ სტუბთან და იონას გარ სტორესთან საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მთელი დონბასის ხელში ჩაგდების მიზანთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
„ევროპელმა ლიდერებმა საპასუხოდ ხაზი გაუსვეს, რომ აუცილებელია სამართლიანი მშვიდობის მიღწევა", - აღნიშნა Reuters-ის წყარომ.
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი 27 ოქტომბერს გამართეს. მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და მისი დასრულების შესაძლო გზები განიხილეს.
ზარამდე ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა კონსულტაციები გაიარეს კიევთან, რათა აბუ-დაბის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ რუსული მხარისთვის უკრაინის პოზიცია მიეწოდებინათ.