
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის განხილვის მესამე დღეც ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. ამჯერად შუამდგომლობების ძირითადი ნაწილი ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა დააყენეს, თუმცა სასამართლომ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.
სხდომაზე კამათი იყო განხილვის გადადების ვადებზე, მოწმეების დაბარებასა და საქმის შესაძლო გაჭიანურებაზე, რასაც მოსამართლეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.
პროცესი ორშაბათს განახლდება და, შუამდგომლობების ეტაპის დასრულების შემდეგ, არსებით განხილვაზე გადავა.
მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ქმედება პროცესის გაჭიანურების მცდელობაა და შუამდგომლობებს ისეთი ფორმით დააყენეს, რომ მათი დაკმაყოფილება შეუძლებელი იყოს. ოპოზიციის მტკიცებით კი განხილვამ აჩვენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" დაკვეთის შესრულებას ცდილობს.
მოპასუხე მხარეებმა სამდღიანი განხილვის დროს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მათ შორის, მოსამართლეების აცილება, მოწმეების დაკითხვა, პროცესზე პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების დასწრება, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის დასკვნის მტკიცებულებებიდან ამოღება. ამასთან, მოითხოვეს, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად სტრასბურგში გაეგზავნათ, ასევე პროცესში ჩართულიყვნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ოპოზიციამ სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებაც და კონკრეტული პარტიის ცალკე ქეისად განხილვაც მოითხოვა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
- რევაზ ნადარაია: „სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ"
„ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას პროცესის გაჭიანურება სურს.
„ჩვენს ოპონენტებს დროის გაჭიმვა უნდათ, რათა დიდხანს გაგრძელდეს პროცესი და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი, ეს ურჩევნიათ. მეორე, უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს და ისეთი ფორმით აყენებენ, რომ შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება. მერე ალბათ ხმამაღლა განაცხადებენ, რომ აი ჩვენ დავაყენეთ 17 შუამდგომლობა და არცერთი არ დააკმაყოფილეს",- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერმა გიორგი სიორიძემ კი განაცხადა, რომ „ორმა დღემ ბევრი რამ გამოჩინა . გამოაჩინა ის, რომ „ოცნების" დაკვეთა, ივანიშვილის დაკვეთა საკონსტიტუციომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს აღსრულებაში".
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, არ იცის, იმ კვირაში მორჩებიან თუ არა განხილვებს.
„შუამდგომლობების დასრულების შემდეგ უკვე იწყება არსებითი განხილვა. არსებითი განხილვა იწყება მომხსენებელი მოსამართლის მოხსენებით. გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ ორშაბათს და ამავდროულად, გადავალთ არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ საკმაო მუშაობა გვიწევს. მე არ ვიცი, ის კვირა მოვრჩებით თუ არა. თუ არ მოვრჩით, იმის მომდევნო კვირა დავისვენოთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი იქნება დანიშნული. არ ვეკითხები არცერთ მხარეს, ყველა არის ვალდებული, რომ მობრძანდეს!"- განაცხადა ნადარაიამ.
რა ხდებოდა განხილვის მესამე დღეს სასამართლოში
სხდომის განხილვის გადადებაზე შუამდგომლობა გახარიას თანაპარტიელმა ბერდია სიჭინავამ დააყენა. თქვა, რომ პარტიას „საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, 1 თვე, რომ შესაგებელი წარედგინა და პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.
„არ მგონია 30 დღეში სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება და განხილვა მოასწროს, მაგრამ ეს ვადა ნამდვილად არ ზღუდავს სასამართლოს, რომ 30 დღეში გადაწყვეტილება წარმოადგინოს. ეს არის ვადა იმისა, რომ ბოროტად არ ისარგებლოს მუდმივად შესაგებლის წარმოდგენის ვადით", - თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გახარიას პარტიის წევრ ანა ბუჩუკურის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც მას შეკითხვა შესაგებლის წამოსადგენად ვადებზე დაუსვა.
„ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ თქვენ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებთ იქამდე, სანამ პასუხის წარმოსადგენად ჩვენი ვადა არ ამოიწურება?" - ჰკითხა ბუჩუკურმა ნადარაიას.
სარჩელის არგადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია.
- გიორგი სიორიძე: „სხდომებმა გამოაჩინა ის, რომ „ოცნების" დაკვეთა, ივანიშვილის დაკვეთა საკონსტიტუციომ აუცილებლად უნდა მოიყვანოს აღსრულებაში".
მოსამართლე ნადარაიამაც საქმის გაჭიანურებაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ მხარის მიერ პროცესის გადადების მოთხოვნა ემსახურება არა აუცილებლობას, არამედ საქმის ხელოვნურად გაჭიანურებას. ენმ-ს წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა რევაზ ნადარაიას სთხოვა დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობდა საქმის გაჭიანურებაში.
„თუ მე გაჭიანურებაზე მინიშნება გავაკეთე, ეს არ გეხებოდათ თქვენ?" - უპასუხა ნადარაიამ ბიბილაშვილს.
„დიდი ბოდიში, აქ მოსამარჩელე მხარე იძახის, რომ აქ ყველა ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმია, ამიტომ თქვენ ხელოვნურად ნუ მიჯნავთ ამას. მხარემ დააყენა და მე მაქვს უფლება დავსვა კითხვა, საზოგადოება ელის პასუხს, რას ნიშნავს საქმის გაჭიანურება?" - იკითხა ზაზა ბიბილაშვილმა.
მოსამართლემ ბიბილაშვილს უპასუხა, რომ თუ გახარიას პარტიას საქმის გადადება უნდოდა, „თავის დროზე უნდა მიემართა".
ამას ბერდია სიჭინავას რეპლიკა მოჰყვა მოსამართლის მისამართით, თუ რომელ „თავის დროს" გულისხმობდა.
ნადარაიამ უთხრა, რომ მან ახსნა „თავის დროზე უნდა მოემართა მხარეს თუ საქმის განხილვის გადადება უნდოდა და მისთვის ვადა არასაკმარისი იყო. მან არ მომართა, უკვე მესამე დღეა სხდომას ვიხილავთ და ახლა დგება შუამდგომლობა გადადების თაობაზე".
ზაზა ბიბილაშვილიმა კი იკითხა, რომ "კანონის ვადებში განხილვა არის გაჭიანურება?"
მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვაზე, საქმის შესაძლო გაჭიანურების თემას მოსამართლე ევა გოცირიძისა და „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას შელაპარაკებაც მოჰყვა. მოსამართლემ ეჭვქვეშ დააყენა ოპოზიციის მოთხოვნები დროის სიმცირესთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სარჩელი სასამართლოში დიდი ხანია შესულია. მან მხარეებს მიმართა:, რომ„ხომ არ არის ეს ცოტა ხელოვნური... ეს სარჩელი დიდი ხანია შემოსულია და საზოგადოებაშიც იყო საუბარი. კი, დაემატა თქვენი პარტია, მაგრამ სარჩელი დიდი ხანია შემოსულია".
გვარამიამ დარბაზიდან მწვავედ უპასუხა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ოფიციალურ წარმოებაში მიღებამდე დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს.
„ქალბატონო ევა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, სარჩელი კი არა მაკულატურაა, ვიდრე წარმოებაში არ მიიღებთ. რა ვალდებულება გვაქვს წარმოებაში არ მიღებული სარჩელი დავამუშაოთ?"- აღნიშნა გვარამიამ.
- თენგიზ შარმანაშვილი: „ჩვენს ოპონენტებს დროის გაჭიმვა უნდათ, რათა დიდხანს გაგრძელდეს პროცესი და თუ საერთოდ არ დამთავრდება დიდი ხანი, ეს ურჩევნიათ. მეორე, უბრალოდ აგროვებენ შუამდგომლობებს"
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის, მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარის, თეა წულუკიანის და მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარება მოითხოვა - აღნიშნული შუამდგომლობა ბერდია სიჭინავამ დააყენა, თუმცა პლენუმმა ესეც არ დააკმაყოფილა, პლენუმმა ასევე არ დააკმაყოფილა მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის აცილების შუამდგომლობა.