
„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაკავებამ სამშობლოს ღალატის უმძიმესი ბრალდებით, ქვეყანაში მწვავე ვნებათაღელვა გამოიწვია. სანამ პროკურატურა დავით გარეჯის თემით მანიპულირებასა და სახელმწიფო ინტერესის დაზიანებაზე საუბრობს, მედიასექტორი და იურისტები ხელისუფლების მხრიდან შურისძიებასა და სიტყვის თავისუფლებისთვის საშიში პრეცედენტის შექმნაზე მიუთითებენ. რას ეფუძნება გამოძიების სკანდალური ბრალდება, რატომ უკავშირებენ ამ საქმეს ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს და რა ელის დაკავებულ ჟურნალისტს?
დიტო ჩუბინიძეს, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ, სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავა, გამოძიება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის მუხლით ედავება.
„2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს," - აცხადებენ პროკურატურაში.
გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცედურა პარლამენტის მიერ რატიფიკაციას საჭიროებს, ხოლო საზღვრის დადგენის უფლებამოსილება ექსკლუზიურად სამთავრობო კომისიას აქვს. რადგან ამ მონაკვეთზე შეთანხმება მიღწეული არ არის, ეს თეორიულადაც გამორიცხავს ტერიტორიის ერთპიროვნულად გადაცემას. ჩუბინიძემ საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად თავისი რესპონდენტის, გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის სიკვდილი შურისძიების ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობას დაუკავშირა.
„აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას" - ნათქვამია პროკურატორის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება დროებითი მოთავსების იზოლატორში ოფიციალურად წარედგინა. ჟურნალისტი დაკისრებულ ბრალს კატეგორიულად უარყოფს.
ადვოკატმა, ნონა ფილაურმა, აღნიშნა, რომ ჩუბინიძე გამორიცხავს კავშირს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ან მასთან პირად კომუნიკაციას:
„ღალატისა და საბოტაჟის მუხლით წაუყენეს ბრალი. რა თქმა უნდა, ბრალს არ ვეთანხმებით. დიტო ჩუბინიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ რამეში დამნაშავეა. ის მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი და იღებდა ინფორმაციას, რასაც აშუქებდა... ის მზად არის ბრძოლისათვის."
ჟურნალისტის დაკავებასა და უმძიმესი მუხლით ბრალის წაყენებას საზოგადოებრივი და მედიასექტორის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა:
გაზეთ „ასავალ-დასავლის" მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი სრულ სოლიდარობას უცხადებს დიტო ჩუბინიძეს, დაკავებას „სამარცხვინო შურისძიებას" უწოდებს და აცხადებს, რომ ჩუბინიძე მხოლოდ ლეგიტიმურ კითხვებს სვამდა.
„თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის" მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!" .
„ეს სამარცხვინო შურისძიება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი.
„ან კი რა შუაშია საბოტაჟი და სამშობლოს ღალატი, როდესაც ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს - რატომ ვეღარ ავდივართ საქართველოს იმ ქრისტიანულ სიწმინდეებთან, რომლებიც ბოლო წლებში უკვე აზერბაიჯანული სახელებით მოიხსენიება?" - ამბობს ნადარეიშვილი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეჭვქვეშ აყენებს ბრალდების სიმყარეს, ითხოვს მტკიცებულებების გასაჯაროებას და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჟურნალისტურ ნამუშევრებზე დაყრდნობით ასეთი მძიმე ბრალის წაყენება საშიშ პრეცედენტს ქმნის.
- ეკა ბესელია:„ჟურნალისტს როდესაც ედავები, რომ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, უნდა დაუმტკიცო არა ის, რომ სტატია ცრუ იყო ან ფაქტები არ დასტურდება, უნდა დაუმტკიცო, რომ სტატია მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას"
იურისტი ეკა ბესელია ამ დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, გამოძიებას ღარიბაშვილის წერილს უკავშირებს და აცხადებს, რომ პროკურატურამ არა სტატიის სიმცდარე, არამედ დანაშაულებრივი განზრახვა უნდა დაამტკიცოს.
„ჟურნალისტს როდესაც ედავები, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, როგორც არ უნდა ეთანხმებოდე ან გაღიზიანებდეს, ამ ბრალს რომ უყენებ, ეს ნიშნავს, რომ უნდა დაუმტკიცო არა ის, რომ სტატია ცრუ იყო ან ფაქტები არ დასტურდება, უნდა დაუმტკიცო, რომ სტატია მიზნად ისახავდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას. განზრახვა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ დანაშაულის, ამის გარეშე დანაშაული არ არსებობს.
„ეს საქმე და თვითონ კითხვები, რაც ჩნდება, უკავშირდება ღარიბაშვილს იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ილაპარაკა ამ თემაზე, რაღაცნაირი ბმა ხომ არის აქ? ამის შემდეგ დაიწყო უცებ გამოძიება... ღარიბაშვილის ნათქვამით დიტო ჩუბინიძემდე მივიდნენ," - აცხადეს ეკა ბესელია, „მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე საქმეზე გამოძიება გრძელდება. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება (საბოტაჟი) სასჯელის სახით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საზოგადოება და მედიაორგანიზაციები ელიან სასამართლო პროცესს, სადაც გამოჩნდება, წარადგენს თუ არა ბრალდების მხარე საკმარის მტკიცებულებებს ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა განზრახი დანაშაულებრივი ქმედების დასამტკიცებლად.
თამარ ოყუჯავა