
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ორშაბათს, 26 ოქტომბერს, 14:00 საათზე განახლდება. სასამართლო სხდომის ჩატარების დროზე მხარეები დღეს შეთანხმდნენ.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ სარჩელის განხილვა გაგრძელდება მომდევნო კვირის განმავლობაშიც. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, საქმის განხილვა ამ პერიოდში თუ ვერ დასრულდება, შესაძლოა, სასამართლო სხდომები მომდევნო კვირებშიც გაიმართოს.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამდღიანი განხილვის დროს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. მათ შორის ითხოვდნენ, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსულტაციო დასკვნის მისაღებად სტრასბურგში გაეგზავნათ, ასევე პროცესში ჩართულიყვნენ ვენეციის კომისიის ექსპერტები. ოპოზიციამ სასამართლო პროცესის ერთი თვით გადადებაც მოითხოვა, თუმცა სასამართლოს პლენუმმა არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბრიდან განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.