იმპორტის 80%-იანი მატების მიუხედავად, ჯერ ასეთი ტიპის ტრანსპორტი ქვეყანაში მაინც მცირეა და ამის მიზეზი დასამუხტი სადგურების საგრძნობი სიმცირეა
თამარ ვეფხვაძე
22.10.2026

„საქსტატის“ მონაცმებით, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის ახალი რეკორდი დაფიქსირდა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, ქვეყანაში 157.215 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 10 938 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანა შემოვიდა, რაც გასული, 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელზე 79%-ით მეტია. სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრებით, ელექტრომობილებზე მოთხოვნის გაზრდის მიზეზი ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირებამ განაპირობა, ხოლო მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ზრდა ელექტრომობილების პოპულარობას უკავშირდება. 

„საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, გასული, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტმა 6 126 ერთეული (103.477 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა; 2024 წლის 9 თვეში - 3 372 ერთეული (64.244 მლნ აშშ დოლარი); 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1 402 ერთეული (38.435 მლნ აშშ დოლარი); 2022 წლის იანვარ-სექტემბერში - 913 ერთეული (20.089 მლნ აშშ დოლარი); 2021 წლის 9 თვეში - 251 ერთეული (4.782 მლნ აშშ დოლარი).

„საქსტატის“ მონაცემებით, წელს, 9 თვის მდგომარეობით, ერთი ელექტრომობილის საშუალო საიმპორტო ღირებულება შემცირდა. კერძოდ, თუ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, ერთეულის საშუალო საიმპორტო ღირებულება 14.4 ათას დოლარამდე იყო, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ფასი - 17 ათას დოლარს აღწევდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელსაც ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელზეც იმპორტირებული ელექტრომობილების რაოდენობის 80% მოდის. მეორე ადგილზე ჩინეთია, ხოლო სამეულს კი იაპონია ხურავს.

არ არის გამორიცხული, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაძვირების გამო, ელექტრომობილებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირებასთან ერთად, ავტოგაზის ფასიც გაიზარდა. შესაბამისად, ნაკლებად მომგებიანია შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების გაზზე გადაყვანაც. 

ამ მოსაზრებას არ იზიარებს „კავკასუს ავტოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი სურგულაძე და აცხადებს, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა მისი პოპულარობის გამო გაიზარდა და აქ ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირება არაფერ შუაშია. 

„ვფიქრობ, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდა ნავთობის ფასით არ არის განპირობებული, რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს დროებითი მოვლენაა და კრიზისის შემდეგ, ნავთობის და საწვავის ფასი ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. რაც შეეხება ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას, მართალია, მატება შეინიშნება, მაგრამ აბსოლუტურ რიცხვებში ეს მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 

ვფიქრობ, ელექტრომობილების პოპულარობას უფრო უკავშირდება მოთხოვნის ზრდა და ამას საწვავის ფასს ნამდვილად ვერ დავუკავშირებ. არ მგონია, დღეს, ვინმეს ელექტრომობილის შესახებ გაგონილი არ ჰქონდეს, თუმცა სრული ნდობა ჯერ მაინც არ აქვს ამ ტიპის ტრანსპორტს, რაც იმას უკავშირდება, რომ ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურა გაუმართავია“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი სურგულაძემ. 

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა მოთხოვნა ჰიბრიდულ ავტომობილებზე, გიორგი სურგულაძემ გვიპასუხა, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე ის მოთხოვნა შენარჩუნდება, რაც ადრე იყო.

„ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ ჰიბრიდული ავტომობილები წარსულშიც პოპულარული იყო და ახლაც ინარჩუნებს ამ ტრენდს. რეალურად, ჰიბრიდული ავტომობილები ელექტრომობილების ძალიან კარგი ალტერნატივაა, რადგან დაბალი ხარჯით გამოირჩევა, ხარჯთეფექტიანია და არც დამუხტვის სადგურები სჭირდება“, - აღნიშნა „რეზონანსთან“სურგულაძემ. 

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი კი გიორგი სურგულაძეს არ ეთანხმება და „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ბენზინისა და დიზელის საწვავის გაძვირებაა. 

„დიახ, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ესეც არის, რადგან მოქალაქეები საკუთრი ხარჯების შემცირებას ცდილობენ. მეორე მიზეზია ის, რომ ავტომობილების განბაჟება გაძვირდა, აქციზის გადასახადი გაიზარდა, მაგრამ ელექტრომობილების განბაჟებას ტარიფის მატება არ შეხებია. გარდა ამისა, ელექტროავტომობილის სერვისიც ნაკლებად მოთხოვნადია, ცხადია, სჭირდება მომსახურება, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე შიდაწვის ძრავიან ავტომობილებს. რა თქმა უნდა, ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას ეს ფაქტორიც განაპირობებს. 

უფრო მეტად მოიმატებს ელექტრომობილების იმპორტი იმ შემთხვევაში, თუკი სწრაფ დამმუხტავ სადგურებს უფრო ინტენსიურად დავამატებთ ქვეყნის მასშტაბით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში, ძირითადად, მოძრაობს  ავტომობილებიი, რომლებიც ერთი დამუხტვით გადის 200-300 კმ-ს და რა თქმა უნდა, მას სჭირდება ხშირი დამუხტვა. ხელისუფლება თუ ხელს შეუწყობს კომპანიებს, რომლებიც ელექტრომობილების დამუხტვის სადგურებს ამონტაჟებენ, გაცილებით უფრო დიდ შედეგს ვიხილავთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ლაშა დარბაისელმა. 

რაც შეეხება ჰიბრიდულ ავტომობილებს, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეც ადასტურებს, რომ ის მოთხოვნა შენარჩუნდება, რაც დღეს არის. 

„მაგალითად, განვიხილოთ „ტოიოტა ქამრი“. ამ ტიპის ჰიბრიდი ოდნავ ძვირი ღირს, ვიდრე შიდაწვის ძრავიანი ავტომობილი, რადგან ის მეტ ბენზინს მოიხმარს, ვიდრე ჰიბრიდი. შიდაწვის ძრავიან ავტომობილს იმიტომ კი არ ყიდულობენ, რომ ჰიბრიდი არ მოსწონთ, არამედ იმიტომ, რომ თანხა აკლდებათ ჰიბრიდის შესაძენად. ამიტომ, არ მგონია, ჰიბრიდებზე განსაკუთრებით გაიზარდოს მოთხოვნა, ვფიქრობ, ის მოცემულობა შენარჩუნდება, რაც დღეს არის“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ლაშა დარბაისელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×