თამთა ჩაჩანიძე
22.10.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა მეორე დღესაც მწვავე კამათის, ურთიერთბრალდებებისა და უარყოფილი შუამდგომლობების ფონზე გაგრძელდა. სასამართლომ ჯერჯერობით ოპოზიციის არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მათ შორის, მოსამართლეთა აცილების, პოლიტიკოსების პროცესზე დასწრებისა და საქმის ცალკეულ პარტიებთან მიმართებით დამოუკიდებლად განხილვის შესახებ. ოპოზიცია 23 ოქტომბრის სხდომისთვისაც ახალი შუამდგომლობების წარდგენას არ გამორიცხავს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება განსხვავებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს „ერთ ქვაბში ხარშავს" და არ ასაბუთებს, კონკრეტულად რას ედავება თითოეულ მათგანს. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის მხრიდან პროცესის გაჭიანურებისა და სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. რა სტრატეგიას ირჩევს ხელისუფლება, რა მიზანს ემსახურება ოპოზიციის სამართლებრივი ბრძოლა და რატომ ვერ გადაიზარდა სასამართლო პროცესის გარშემო არსებული ვითარება ამ ეტაპზე მასშტაბურ საპროტესტო მობილიზაციაში, ამაზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა უარყოს, პარტიების ცალ-ცალკე განხილვას თავი აარიდოს და პროცესი მისთვის სასურველი შედეგისკენ წარმართოს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება განსაკუთრებულ სტრატეგიას არ მიჰყვება და საკონსტიტუციო სასამართლოში კანონით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად მოქმედებს.

რაც შეეხება ოპოზიციის სტრატეგიას, ექსპერტთა ერთი ფრთა მიიჩნევს, რომ მთავარი გათვლა სამართლებრივი გზის გავლა და უარყოფილი შუამდგომლობების დოკუმენტირებაა, რათა მომავალში ეს მასალა სტრასბურგის სასამართლოში ან ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში გამოიყენოს.

21-22 ოქტომბრის სხდომები

21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების" სარჩელის განხილვა შუამდგომლობების წარდგენის ეტაპზე შეწყდა. სხდომის პირველ დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არაერთი შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის მოსამართლეთა აცილების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის პროცესზე დასწრების, ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის" საქმის ცალკე გამოყოფის მოთხოვნით. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, ოპოზიციის მიერ ამდენი შუამდგომლობის დაყენების მიზანი სწორედ სასამართლო პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურება და დროის გაყვანა იყო. ოპოზიციის წევრები კი აღნიშნავდნენ, რომ სასამართლოს მხრიდან შუამდგომლობების მასობრივი უარყოფა წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მიანიშნებდა.

კამათისა და ხმაურის გარეშე არც მეორე დღეს ჩაუვლია. ამასთან, 22 ოქტომბერს მცირე ინციდენტიც მოხდა - საკონსტიტუციო სასამართლოში შესვენების დროს „ოცნების" დეპუტატი არჩილ გორდულაძე და „კოალიცია ცვლილებებისათვის" წარმომადგენელი ნანა მალაშხია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ოპოზიციის წარმომადგენელმა მმართველი გუნდის წევრებს „სამარცხვინო" და ეროვნული ინტერესების მოღალატეები უწოდა. თავის მხრივ, ოპოზიციის საპასუხოდ აღინიშნა, რომ სასამართლო პროვოკაციების ადგილი არ არის.

სასამართლოს დერეფანში დაწყებული ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც მედიის წარმომადგენლებმა ფაქტის ვიდეოგადაღება დაიწყეს.

ხელისუფლების სტრატეგია

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლების სტრატეგია ოპოზიციის მოთხოვნების უგულებელყოფა და მისი სამართლებრივად თუ პოლიტიკურად მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებაა. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში არცერთი ოპოზიციური შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს და პროცესი მისთვის სასურველი სცენარით წარიმართოს.

„ხელისუფლების სტრატეგია ძალიან გამოკვეთილია, მას ცალ-ცალკე პარტიების განხილვა, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევს. ასევე ხელს არ აძლევს, რომ რაღაც შუამდგომლობები დააკმაყოფილოს და ა.შ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „ფაქტობრივად, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ფაქტების დაგროვება."

„ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიცია ჩააგდოს ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომ ის არაფერს არ განიხილავს და მხოლოდ და მხოლოდი მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას - ესაა ხელისუფლების სტრატეგიაა და ეს სტრატეგია აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსაც, რომ არცერთ შემთხვევაში ოპოზიციის არცერთი მოთხოვნა თუ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს და ყველაფერი გაგრძელდეს ისე, როგორც ეს ხელისუფლებას სურს.

„ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ იგივე პოზიცია აქვს არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ მთლიანობაშიც, რომ ის ოპოზიციას ფაქტიურად არ ცნობს და რეალურად ცდილობს, რომ მთელი წონიანი ოპოზიციური სპექტრი გაანეიტრალოს",- განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არ აქვს და ის კანონმდებლობას მოჰყვება.

„რაც მოვისმინე, ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არჩეული არ აქვს და ზუსტად მიჰყვებიან კანონმდებლობას. ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან იმას, თუ როგორი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელის განხილვა - არც იქით, არც აქეთ. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ევა გოცირიძემაც თქვა, ვისურვებდი და ვთხოვ „ოცნებას", რომ ეგებ მაინც დაანაწევრონ რომელ პარტიას რა აქვს ჩადენილიო", - განაცხადა მამრაძემ.

ოპოზიციის სტრატეგია

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ოპოზიციის სტრატეგია ამ ეტაპზე სამართლებრივი გზით მოქმედება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებსა თუ უარყოფილ შუამდგომლობებზე ფაქტების დაგროვებაა, რათა მომავალში ეს მასალა სტრასბურგის სასამართლოში, ან ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში გამოიყენოს. ამასთან, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას ამ ეტაპზე მასშტაბური საპროტესტო აქციების ორგანიზების რესურსი შეზღუდული აქვს.

„ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იციან ხელისუფლება არცერთ შუამდგომლობას, მოსაზრებას და მოთხოვნას არ დაკმაყოფილებს, ნაბიჯ-ნაბიჯ სამართლებრივი გზით მიდიან, აყენებენ ყველანაირ მოთხოვნას, რათა გარკვეულწილად სასამართლოს ყველა საფეხური იქნას გავლილი. ნებისმიერი მათი მოთხოვნა და ხელისუფლების მხრიდან ამის უარყოფა მომავლისთვის იმის არგუმენტია, თუ როგორ იქცეოდა დღევანდელი ხელისუფლება.

„ფაქტობრივად, რასაც დღეს ოპოზიცია აკეთებს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ ფაქტების დაგროვება. ეს როგორ გაგრძელდება, როცა ხელისუფლება შეიცვლება, ეგ უკვე სხვა თემაა, მაგრამ ეს რომ სტრასბურგისთვისაც სჭირდება ოპოზიციას სარჩელის მოსამზადებლად და შემდგომ ხელისუფლების ცვლილებებში შესაძლოა დასჭირდეს, როგორც ინდივიდუალურად ამ მოსამართლეების მიმართ, ისე მთლიანად პლენუმის მიმართ გარკვეული პრეტენზიების დაყენება, ეს არის ფაქტების შეგროვება.

„როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ ეტაპზე ასეთი მასშტაბური საპროტესტო აქციებს ვერ შეძლებს, რომ დააორგანიზოს. 25 ოქტომბერსაა ჩანიშნული აქცია და ვნახოთ რა იქნება. იმ განწყობებით თუ ვიმსჯელებთ, რაც დღეს საზოგადოებაშია, დიდი იმედი და მოლოდინი იმის, რომ ძალიან ხალხმრავალი იქნება აქციები, ნამდვილად არ მაქვს", - განაცხადა ძაბირაძემ.

  • პეტრე მამრაძე: „ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არჩეული არ აქვს... ევა გოცირიძემაც თქვა, ვისურვებდი და ვთხოვ „ოცნებას", რომ ეგებ მაინც დაანაწევრონ რომელ პარტიას რა აქვს ჩადენილიო".

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ოპოზიციაში დაბნეულობა და მოუმზადებლობაა როგორც სასამართლოში, ისე მის გარეთ პროტესტის მხრივ.

„მათი ქცევა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. აქ არის სრული მოუმზადებლობა და დაბნეულობა, ნაცვლად არგუმენტირებული პასუხებისა, მაგრამ ვერც ექნებათ, ჩადენილი ჩადენილია, საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამ ყველაფრის მოწმეა და დოკუმენტირებულია და ჩვენ გვახსოვს (საპარლამენტო) კომისიის მუშაობა. მათთვის ძალიან რთულია იმის გაანალიზება რა უნდა ქნან.

„ისინი აქციებს მხოლოდ მაშინ არ ატარებენ, როცა ზუსტად იციან, რომ ხალხი არ მივა. თუ დახარჯეს ფული, შეიძლება რაღაც დროით რამდენიმე ათასი გამოიყვანონ და რამდენიმე საათი გააჩერონ ქუჩებში, მაგრამეს ეს ითხოვს დიდ მობილიზაციას, დიდი ფულის ხარჯვას და მერე დამთავრება არაფრით. ისინი ხედავენ, რომ მოსახლეობაში არავითარი მუხტი არაა, რომ სპონტანურად შეკრიბონ ხალხი. არც ისაა, რომ რესურსი მერე გაფართოვდეს. რომ მეორე-მესამე დღით კიდევ უფრო მეტი იყოს", - განაცხადა მამრაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×